რამდენი ოჯახი ისარგებლებს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით

პუბლიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით – 671 ათასი ოჯახი.

„იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის გადასახადს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის, ასევე დასუფთავებისა და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი.

გარდა ამისა, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება არ აღემატება 200 კუბურ მეტრს თვეში, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილისა და მაისის დარიცხულ გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეძლო ჩვენი მოქალაქეებისთვის შეეთავაზებინა ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან, 2 მილიარდი ლარიდან,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.