რამდენი ვიღაცა დალევს და მერე მოუნდება, იქ გადავიდეს... არ შეიძლება - გორის საკრებულოს თავმჯდომარე

პუბლიკა

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ადგილობრივ ტელეკომპანია „TV მონიტორინგთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სახელმწიფო საოკუპაციო ზოლთან სოფლებში უსაფრთხოებას იცავს, თუმცა მოქალაქეები წესებს არ ექვემდებარებიან. ტელეკომპანიას მან ინტერვიუ 7 ნოემბერს მისცა.

დავით რაზმაძეს წამყვანმა ჰკითხა, თუკი სახელმწიფო იცავს უსაფრთხოების ზომებს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში, მაშინ რატომ არ გრძნობს მოსახლეობა თავს დაცულად.

„ფაქტი იყო, რომ ადამიანი გადავიდა იქით, უკვე ის ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება მათთვის, ნუ ჩვენთვის კი აღიარებულია, მაგრამ ფაქტია, მოხდა ის, რაც მოხდა. მე გეტყვით, რამდენი, მაგალითად, ნიქოზის მხარეს, რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი. არ შეიძლება. რამდენი ადამიანი უნდა აკონტროლო? ერთი საგუშაგო არის ნიქოზთან ხო? იქ რომ ყველამ მოინდომოს ასე… ადამიანი თავის თავს თვითონ რასაც გაუკეთებს, ვერავინ უზამს იმაზე ცუდს“, – განაცხადა მან.

„ანუ ჩვენი ბრალია, რაც ხდება, ამის თქმა გინდათ? ქართველები აწყობენ პროვოკაციას? ჩვენი ბრალია, რომ იჭერენ ქართველებს? ეს კონკრეტული შემთხვევაც ამ ორი ადამიანის ბრალი იყო?“ – ჰკითხა საკრებულოს თავმჯდომარეს წამყვანმა.

„მაგას გეუბნებით ახლა, მაგის შეფასებას გავანებოთ თავი, თამაზ გინტურის შეფასებას. იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იკვლევენ ამ ყველაფერს და დაიდება ყველაფერი, მაგრამ თქვენ დამისვით შეკითხვა, ხალხი ჩივის რომ უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული სახელმწიფოს მიერო. სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ, რომ ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი არსებობს და არ უნდა გადაკვეთონ, იქ არ უნდა გადავიდნენ. რუსი არ ინდობს თავის მოქალაქეს, საზარბაზნე ხორცად მიაჩნია. ჩვენსას დაინდობს?! მით უმეტეს, როცა მიზეზს მისცემ და რაღაცა თავის მოგონილ ე.წ. საზღვრებს გადალახავ, იმათთვის ეს უკვე წითელი ნიშანია.

სახელმწიფო იცავს ყველაფერს, მაგრამ თვითონ მოსახლეობა, იქ არსებული მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს. ეს არის რეალობა. რეალობა უნდა აღვიქვათ. არ შეიძლება სხვანაირად. იქ დგას რუსი, კაცის მკვლელი, ოკუპანტი და დამაქცევარი ქვეყნის, ხომ?! უნდა მოვერიდოთ იმას!“, – განაცხადა რაზმაძემ.