რამდენია საქართველოში შშმ ბავშვების აღზრდის ხარჯი - კვლევა

პუბლიკა

გაეროს ბავშთა ფონდის მიერ წარმოებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყანაში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საჭიროებენ დამატებით საგნებსა და მომსახურებებს, თუმცა მათი მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ფინანსური ტვირთი დიდწილად მათ ოჯახებზეა.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული კვლევის მიზანია, უკეთ გავიგოთ ოჯახის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ის ფინანსური ტვირთი, რომელიც გამოწვეულია კომუნიკაციის, გადაადგილების, სკოლაში სიარულის, სოციალიზაციის, თანატოლებთან თამაშის და ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი ყველა სხვა აქტივობისთვის საჭირო დამატებითი საგნებისა და მომსახურებების ღირებულებით.

კვლევის მიგნებები გვაძლევს ღირებულ ინფორმაციას იმ რეალობის შესახებ, რომელსაც საქართველოში აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახები.

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

ხარჯებთან დაკავშირებული ბარიერები: კვლევამ გამოავლინა, რომ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის თანასწორი მონაწილეობითვის საჭირო საგნებისა და მომსახურებების საფასურის გადახდა საქართველოს ოჯახების უმეტესობას არ შეუძლია. ამით ნათელი ხდება, თუ რა ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფებიან ოჯახები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ზრდიან.

სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჭიროებების განსხვავებული კატეგორიები აქვთ: სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები განსხვავებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, შესაბამისად სხვადასხვა სირთულისა და მხარდაჭერის საჭიროებების მქონე ბავშვების ჯგუფები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ხარჯების სტრუქტურითა და დონეებით.

არსებული მხარდაჭერის სისტემების ერთგვაროვნება: კვლევა ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ამჟამად არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა შედარებით ერთგვაროვანია და არ პასუხობს მათი საჭიროებების მრავალფეროვნებას. ის, რომ არასაკმარისი ყურადღება ეთმობა დახმარების სხვადასხვა დონეებს და მასთან დაკავშირებულ განსხვავებულ ხარჯებს, განაპირობებს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მრავალი ბავშვი ვერ იღებს საკმარის მხარდაჭერას.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მობილობასთან, მომსახურებების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებასთან, სახლის ადაპტაციის და ტრანსპორტირების ღირებულების დაფარვასთან დაკავშირებულ ხარჯებს უმეტეს შემთხვევაში გაიღებს ოჯახი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ფინანსურ ტვირთს.

სოფლად არსებული გამოწვევები: სოფლად მაცხოვრებელ ოჯახებს მომსახურებების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობით გამოწვეული დამატებითი ხარჯები აქვთ. დიდ ქალაქებში მგზავრობის საჭიროება, სადაც კონცენტრირებულია მათთვის საჭირო მომსახურებები, დაკავშირებულია საცხოვრებლის მოკლევადიან დაქირავებასა და ამასთან დაკავშირებულ სხვა დროებით ხარჯებთან.

როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭიროა დამატებითი სამუშაოს ჩატარება ზოგიერთი სახის დახმარების გაზრდის, ხარისხის ამაღლებისა და დამატებითი საპილოტე პროექტების ან ტესტების ჩატარების მხრივ.

კვლევა შეიმუშავა გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან, მათ შორის მშობელთა ასოციაციასთან და კვლევით ინსტიტუტებთან უწყვეტი თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მხარდაჭერის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით.