„რამდენიმე ადამიანზე დაკავებისას ფიზიკურად იძალადეს, ერთ-ერთს სასწრაფო დასჭირდა“ - ადვოკატი თვალჭრელიძეზე დაკავებულების შესახებ

პუბლიკა

თვალჭრელიძის ქუჩაზე ოჯახების გამოსახლების პარალელურად დაკავებულთა ნაწილი ადვოკატებმა მცხეთის იზოლატორში მოინახულეს.

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელმაც 4 დაკავებული მოინახულა,  „პუბლიკას“ ეუბნება, რომ სამ მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

„მოვინახულე 4 დაკავებული. მათგან ერთ-ერთია დათუნა დანელია, რომელმაც მითხრა, რომ პოლიციელები იყვნენ დამცინავები, ისროდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს. მნიშვნელოვანია, რომ იქ იყვნენ ადამიანები ნიღბებით და არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ, კანონიც მიიღეს, რომ შეკრება-მანიფესტაციის დროს არ შეიძლება მოქალაქეების ნიღბებით ყოფნა და ეს ადამიანები იყვნენ აგრესიულები, ესენი კი არ დააკავეს. დააკავეს ისინი, ვინც სოლიდარობის გამოსახატად იყვნენ მისულნი.

რამდენიმე ადამიანზე დაკავებისას ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთს, დაკავებისას, სახეშიც ჩაარტყა პოლიციის თანამშრომელმა ხელი. ერთ-ერთ დაკავებულ ბიჭს შეურაცხმყოფელი ტონით ეძახდნენ, რომ იყო „პრინცესა“. ესაა ბიჭი, რომელიც გამოირჩევა თავისი მტკიცე ხასიათით და უნდოდათ, მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ.

ასევე, ერთ-ერთი დაკავებული თმით ათრიეს, პოლიციის მანქანისკენ წაიყვანეს თმით თრევით და ურტყამდნენ ფერდებში, რის შემდეგაც საჭირო გახდა შსს-ში მისთვის სასწრაფოს გამოძახება, მაგრამ აღარ წაჰყვა საავადმყოფოში, რადგან თქვა, რომ მას თუ გაათავისუფლებდნენ, მეგობრების გარეშე არ უნდოდა გასვლა და საბოლოოდ, ეს ადამიანი დააკავეს“, – ამბობს ადვოკატი.

ტყეშელაძის თქმით, ოთხივეს მიმართ საქმის წარმოება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლითაა დაწყებული.

ლაშა ტყეშელაძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებზე, რომლებიც შსს-მ გუშინ დღის განმავლობაში დააკავა.

კიდევ ერთი დაკავებული, სოფო მარკოზია მოინახულა ადვოკატმა საბა სუთიძემ.

ადვოკატის თქმით, დაკავებისას მარკოზიამ მიიღო მსუბუქი დაზიანებები – მკლავი აქვს ჩალურჯებული და ერთ ადგილას გაჭრილი.

„პოლიციამ მოულოდნელად დაიწყო მათი დაკავება. მიზეზი მათთვის უცნობია. საქმის მასალები არც სოფოს უნახავს და არც მე, ადვოკატს. სოფო ამბობს, არანაირი მოთხოვნა პოლიციის მხრიდან ან ადგილის დატოვებაზე ან სხვა მოთხოვნა, რასაც უნდა დამორჩილებოდა, არ ყოფილა“, – თქვა ადვოკატმა „ფორმულასთან“.

გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთის გარდა, დაკავებულთა ნაწილი საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, 24 ივლისს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავა.

დაკავებულთა შორის არიან როგორც თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლები, ასევე აქტივისტები.

კანონით, შსს-ს ადმინისტრაციული დაკავების 48 საათამდე გახანგრძლივება შეუძლია, ამის შემდეგ კი ან სასამართლო უნდა გაიმართოს, ან დაკავებულები გათავისუფლდებიან და მათი საქმეები სასამართლოს მოგვიანებით გადაეცემა.

ჯერჯერობით უცნობია, ამ შემთხვევაში დაკავების რა ვადას გამოიყენებს უწყება და როდის მიმართავს სასამართლოს.