ახმეტის საკრებულოს წევრის, შაქრო ტერტერაშვილის ინფორმაციით, პანკისში დღეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების შედეგად დაჭრილია სამი ადამიანი და დაღუპულია ერთი პირი, გვარად მუთოშვილი (დაჭრილების რაოდენობაზე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება).
მისივე თქმით, პირადი დაპირისპირების საფუძველი პანკისის ხეობაში ჰესების აშენების საკითხი იყო. კონფლიქტის მონაწილე ერთი მხარე ეთანხმებოდა ჰესის მშენებლობას, მეორე ეწინააღმდეგებოდა.
ამავე ინფორმაციას „პუბლიკასთან“ საუბარში რამდენიმე პანკისელიც ადასტურებს.
ასეთივე ინფორმაცია აქვს EMC-ის წარმომადგენელ თამთა მიქელაძესაც.
შსს სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დაზუსტებულ ინფორმაციას მომხდარზე მოგვიანებით გაავრცელებენ.
დაახლოებით 2 წელია პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი აქტიურად აპროტესტებს პანკისის ხეობაში დაგეგმილი „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობას, რის თაობაზეც სასამართლოშიც მიმდინარეობს დავა.
არასამთავრობო ორგანიზაზიების შეფასებით, ჰესების ნებართვების დოკუმენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი აშკარად დაუსაბუთებელია და სათანადოდ არ არის შესწავლილი ჰესების მშენებლობისგან გარემოზე ზემოქმედების რისკები, მათ შორის, სასმელ წყალზე მისი ზეგავლენა. ხეობაში უკვე აშენებული ჰესების გამოცდილებიდან გამოდინარე, ადგილობრივები უთითებენ პატარა ხეობაში ჰესების კასკადის (მთლიანობაში 4 ჰესის) დამაზიანებელ გავლენას მათ უნიკალურ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და ხეობის მდგრადი ეკონომიკური განვითარების რესურსზე.
2019 წლის 21 აპრილს „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლების საკითხს ადგილზე მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. პოლიციამ შეკრებილი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა გამოიყენა საპოლიციო ძალა, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და ხელკეტების სახით.