რამდენიმე გარემოება არსებობს ისანში ენმ-ს მხრიდან კანდიდატის შესაძლო დაყენებასთან დაკავშირებით - ბეჟაშვილი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური ერთობა იმის გამო დაარღვია, რომ პრემიერად მისი კანდიდატურის დასახელება სავალდებულო ყოფილიყო. ბეჟაშვილის განცხადებით, საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის მაჟორიტარად წარდგენა შეთანხმებული არ ყოფილა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრების ფორმატთან, რაც, მისი თქმით, გაუმართლებელია.

„გიორგი ვაშაძე ისნის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიან მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი. მას ჰქონდა პოლიტიკური პარტიების მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდა ოპოზიციის ერთობა დაარღვიეს იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო.

ისნის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით, პარტია შესაბამის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და მასში ყველა არგუმენტი იქნება დასახელებული. მთავარი არის არჩევნების დროს ვკონცენტრირდეთ ამომრჩევლის პრობლემებზე და არა თანამდებობების გადანაწილებაზე.

არის კიდევ ერთი საკითხი – ამ ჯგუფის მიერ საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის წარდგენა. ეს წარდგენა „ლეიბორისტული პარტიის“ ფორმატში არსებულ ოპოზიციურ გაერთიანებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ეს კი, გაუმართლებლად მიგვაჩნია ორპროცენტიანი პოლიტიკური ძალის მხრიდან.

კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც პარტიის შიგნით, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ამ საკითხთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს პარტიის კიდევ ერთი წევრი ხატია დეკანოიძე.

„საბოლოო გენერალური გადაწყვეტილება და საბოლოო შედეგი არ დამდგარა, მაგრამ ასეთი განხილვა მიმდინარეობს.

ვაშაძემ თვითონ დაარღვია ერთობა, რომელშიც იყო და მისი ამბიციების გამო, როცა პროპორციულ სიაში ითხოვდა 10-ზე მეტ ადამიანს და პრემიერობის კანდიდატის დასახელებას, როდესაც ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამ პარტიულ და თანამდებობრივ ნომეკლატურაზე დათანხმება იყო ჩვენი და ამომრჩევლის შეურაცხყოფა, არ დავთანხმდით და თავისი ამბიციების გამო დატოვა მან გაერთიანებული ოპოზიცია“, – განაცხადა დეკანოიძემ.


ისნის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დასახელდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრების ფორმატში ოპოზიცია თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ.