რამდენიმე მოწყვლადი ჯგუფი დახმარების მიღმა დარჩა - EMC

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ  რამდენიმე მოწყვლადი ჯგუფი სოციალური დახმარების პაკეტებს მიღმა რჩება.

ესენი არიან უსახლკაროები, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები, თვითდასაქმებულთა ის ნაწილი, რომელიც დახმარების მისაღებ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, ფულადი გზავნილების შემცირებით დაზარალებული ადამიანები და სხვა.

„მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს მათი საკვებით უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობა შესაბამისი ზომების მისაღებად მზად უნდა იყოს“, – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გამო, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მოქმედი უფასო სასადილოები დაიხურა. ამის საპასუხოდ მუნიციპალიტეტების ნაწილმა სხვადასხვა სახის ზომები მიიღო. მაგალითად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა შეცვალა მუნიციპალური სასადილოს სერვისი და გაითვალისწინა გარკვეული ჯგუფებისთვის საკვების სახლში მიტანის საჭიროება, თუმცა მუნიციპალური სასადილოების პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ყველგან არ არის და შექმნილ ვითარებაში არც მისი ჩამნაცვლებელი სერვისები დანერგილა.[1] გარდა ამისა, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სასადილოს სერვისი არსებობს, მხოლოდ მოსახლეობის ნაწილის საჭიროებები იფარება.

„არსებული გამოწვევების შინაარსიდან ნათელია, რომ მოცემულ ეტაპზე, უმწვავესი სოციალური კრიზისის დროს, სახელმწიფოს ხედვის არეალის გარეთ დარჩენილი პირები უმძიმეს მდგომარეობაში არიან და ხელისუფლების მიერ დაუყოვნებელი, ეფექტიანი ზომების მიღებას საჭიროებენ“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

emc ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს მიმართავს:

  • დაუყოვნებლივ, პროაქტიულად მოახდინონ სოციალურად მოწყვლადი პირების იდენტიფიცირება და სულ მცირე, საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას, უზრუნველყონ ისინი სათანადო საკვებით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოხდეს მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, და, მეორე მხრივ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერა;
  • საკვებით უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავებისას საქართველოს მთავრობამ იხელმძღვანელოს ადგილობრივი კონტექსტით და ამავდროულად გაითვალისწინოს საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის საკვების ვაუჩერების გაცემასა და მოწყვლადი ჯგუფების უშუალოდ საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებული პოლიტიკა.
  • ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეიმუშაოს სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფის ერთიანი, სისტემური პოლიტიკა, რომელიც, თავის თავში მოიცავს მათი პროაქტიური იდენტიფიცირებისა და მათთვის განგრძობადი მხარდაჭერის აღმოჩენის კომპონენტებს და გამორიცხავს მუნიციპალიტეტებში ფრაგმენტული და არაერთგვაროვანი მიდგომების არსებობას.