სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ეხმაურება „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას – მდინარაძემ 7 აგვისტოს ჟურნალისტებთან სინდისის პატიმრების, მათ შორის, ანდროს შესახებ თქვა:
„თქვენ რომ აქციაზე ადამიანს კლავდეთ და მე რომ მოგეხმაროთ, მე დამნაშავე არ ვარ, იმიტომ, რომ თქვენ არ გიცნობთ? მათ შორის, შეიძლება იყოს ორგანიზებული დანაშაული, შეიძლება იყოს თანააღმსრულებლობა, ან წამქეზებელი იყოს, ან ორგანიზატორი”.
ანდრო ჭიჭინაძემ პასუხად სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი განმარტა, რომლითაც მას და კიდევ 10 ადამიანს ბრალი აქვს წარდგენილი.
„რადგან ჩვენს საქმეს შეეხე და შენ თვითონვე თქვი, რომ საქმის მასალებს არ იცნობ და ზოგადადაც მაღალი სტანდარტის იურიდიული ცოდნა ვერ აჩვენე, რამდენიმე რჩევას მოგცემ. ეტყობა 225-ე მუხლს საერთოდ არ იცნობ (გული მერევა კომუნიკაციის ამ ფორმაზე, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებთ).
მუხლი 225: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა. ამ მუხლს აქვს ორი ნაწილი:
ა. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.
ბ. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა.
მაინც შეგახსენებ, რომ ამ მუხლით ვართ ჩვენ დაკავებულები.
ამავე სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებულია თუ რა შემთხვევაშია დანაშაული ორგანიზებული – „დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება”.
შენიშვნის სახით კი მითითებულია, ამ მუხლის მიზნებისათვის, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი, ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა”.
თუ კიდევ ვერ გაიგე, განვმარტავ, რომ ე.წ. ორგანიზატორები და ე.წ. მონაწილეები უნდა იყვნენ წინასწარ დაკავშირებულები, პირდაპირი კავშირით. აქ ირიბი კავშირიც არ არის. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენი მხრიდან რაიმე სახის მოქმედებით დაზიანდა და ვერცერთმა დაზარალებულად წოდებულმა პიროვნებამ ხელი ვერ დაგვადო ვერცერთ ბრალდებულს. ვერც მე და ვერც სხვა ბიჭებს, რომლებიც ჩემთან ერთად სხედან სასამართლოებზე ჩემ გვერდით, უსამართლოდ, უკვე მე-8 თვეა. მეტიც, ყველა ბრალდებულს სხვადასხვა დღეს გვედავებით.
მაგ.: მე 29 ნოემბერს, გიორგი ტერიშვილს – 1 დეკემბერს, სხვას – 2 დეკემბერსა და 30 ნოემბერს და ა.შ.
საინტერესოა. მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, სასამართლო რას გადაწყვეტს. ამიტომ, დაველოდოთ და მორჩით სასამართლოსა და მოსამართლეზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი, აფასებდეს მტკიცებულებებს და იღებდეს გადაწყვეტილებას. ობიექტური გამოძიება რომ ჩაგეტარებინათ, საქმე აქამდე არ მოვიდოდა.
ისე, ასეთი კარგი და წესიერი ადამიანების დაჭერასაც მოხერხება უნდა. მადლობა რომ სასამართლოებზე გამაცანით.
და ბოლოს, “There is no art to find the mind’s construction in the face” („არ არსებობს ხელოვნება, რომლითაც ადამიანს სახეზე მის გონებას ამოვიკითხავთ”) – ერთმა ჭკვიანმა ინგლისელმა კაცმა თქვა ერთი 400 წლის წინ.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს თავისსავე სახლში დააკავეს.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.