„რამდენიმე საქმეზე შეინიშნებოდა ფორსირებულ რეჟიმში პროცესების წარმართვის ტენდენცია" - საია-ის ანგარიში

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სისხლის სამართლის პროცესების გონივრულ ვადაში განხორციელებასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოავლინეს.

საია-ის ანგარიში ემსახურება სისხლის სამართლის პროცესებზე დასწრებითა და გამოვლენილი შემთხვევების ანალიზის შედეგად, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, მათ შორის, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირებას. ანგარიში ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის პერიოდში, რა დროსაც საია-მ 2 744 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა, ასევე ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.

ძირითადი მიგნებები სასამართლო პროცესების გაჭიანურების მიმართულებით:

– პროცესი გახსნისთანავე გადაიდო 1 103-დან 456 შემთხვევაში (41%). უმრავლეს შემთხვევაში პროცესის გადადება გამოწვეული იყო ბრალდების მხარის მოწმეთა არყოფნით – (გადადებული პროცესების 30%) ან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების მოტივით (18%). სხვა მიზეზებს შორის იყო ადვოკატის (13%) ან პროკურორის  (10%) პროცესზე გამოუცხადებლობა.

– მონიტორინგმა აჩვენა, რომ ძირითად (38% შემთხვევაში) სხდომის დაწყება დაგვიანდა 30 წუთამდე პერიოდით. ასევე ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც პროცესი გვიანდებოდა 30 წუთზე მეტხანს – 26%. უმრავლეს შემთხვევაში სხდომის დაგვიანებით დაწყება განპირობებული იყო სასამართლოს მიზეზით (36%) ან სხდომის დარბაზი იყო დაკავებული სხვა პროცესის მიმდინარეობის გამო (17%). მხარეთა დაგვიანების შედეგად პროცესი დროულად ვერ დაიწყო 11% შემთხვევაში;

– საია სასამართლოში მონიტორინგს უწევს რამდენიმე საქმეს, რომლებიც წლებია მიმდინარეობს, ისე რომ კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. ასეთი საქმეებია: „7 ნოემბრის საქმე“ (2015 წლიდან არსებითად იხილება), ე.წ. „პიჯაკების საქმე“ (2016 წლიდან არსებითად იხილება), ე.წ. „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმე“ (არსებითად იხილება 2014 წლიდან).

– „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“ დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადა. დანარჩენ ორ საქმეში მართალია, სასამართლოს მხრიდან პირდაპირ არ არის დარღვეული კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები, თუმცა წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები ობიექტური დამკვირვებლის თვალში ტოვებს პროცესის გაჭიანურების შთაბეჭდილებას.

– ამის პარალელურად, საია-მ დააფიქსირა რამდენიმე არასაპატიმრო საქმე, სადაც, პირიქით შეინიშნებოდა ფორსირებულ რეჟიმში პროცესების წარმართვის ტენდენცია, რაც გარკვეულ ეჭვს იწვევდა. კერძოდ, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, მოსამართლემ დაცვის მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად ინტენსიურად  ჩანიშნა სხდომები. თითქმის ყველა პროცესზე დაცვის მხარე უკმაყოფილებას გამოხატავდა ამ საკითხზე, შემდგომ მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც კი დააყენა იმ საფუძვლით, რომ საქმე ფორსირებულ რეჟიმში განიხილებოდა. მოგვიანებით მოსამართლემ პროცესების რაოდენობა შეამცირა და საშუალოდ კვირაში ორჯერ ჩანიშნა.

– კიდევ ერთ ე.წ. „რუსთავი 2-ის საქმეზე“, რომელიც შეეხება ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ ბრალდებებს, თავდაპირველ ეტაპზე სასამართლომ ერთპიროვნულად განსაზღვრა სხდომის თარიღები, ისე რომ არ მიიღო მხედველობაში დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატები საუბრობდნენ, რომ მითითებულ დღეებში არ ეცალათ, რადგან სხვა პროცესებს ემთხვეოდა ეს თარიღები. დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ აქაც ფორსირებულად, ახლო შუალედებში ჩანიშნა სხდომები. ორი სხდომის შემდგომ, 10 იანვრის სხდომაზე, მოსამართლემ თვითაცილების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი აღნიშნა, რომ მასსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირებამ პირადი ხასიათი მიიღო და შესაძლოა მას ობიექტურად ვერ წარემართა პროცესი. ამის შემდგომ საქმე სხვა მოსამართლეს დაეწერა, რის შემდგომ მიდგომა შეიცვალა და სხდომები ასეთი ინტენსივობით არ ჩანიშნულა.