რამდენიმე სავარაუდო შემთხვევას ვიკვლევთ, დადასტურებული ჯერჯერობით არ გვაქვს – გამყრელიძე რეინფიცირებაზე

პუბლიკა

„მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად რეინფექცია გვქონდა საქართველოში, ჩვენ არ გვაქვს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადების საპასუხოდ თქვა.

თენგიზ ცერცვაძემ გუშინ, 3 დეკემებერს, ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში რეინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იკვლევენ რამდენიმე შემთხვევას და მისი თქმით, ეს კვლევა არის ხანგრძლივი და სჭირდება სხვადასხვა ტექნოლოგია, ამიტომ მას არ შეუძლია, წინასწარ თქვას, რომ რომელიმე პაციენტის შემთხვევაში რეინფიცირება მოხდა.

„მიმდინარეობს განმეორებით PCR-ტექნოლოგიით კვლევა, ამავე დროს მიმდინარეობს ე.წ. გენომის ამ ადამიანების სეკვენირება, რომელიც დროს და შესაბამის მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალება მხოლოდ ლუგარის ცენტრს აქვს.

რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდგომ გადაწყვეტილება ყველა ლაბორატორიული თუ კლინიკური არგუმენტით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, „ორ თუ სამ“ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი გაზაფხულზე ჰქონდა, ახლა კი ნოემბერში, არის ვარაუდი, განმეორებით დაემართათ ვირუსი.

გამყრელიძის ინფორმაციით, იკვლევენ გაზაფხულზე აღებულ ნიმუშებს, იყო თუ არა ნამდვილად კორონავირუსი გამოვლენილი კლინიკით და ა.შ.