„რამდენიმე თვეში წარმოვადგენთ გეგმა-გრაფიკს" - მინისტრი სასკოლო კვების ეტაპობრივად დაწყებას განიხილავს

პუბლიკა

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის თქმით, უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით სამინისტრო გეგმა-გრაფიკის შედგენაზე მუშაობს, რათა ეტაპობრივად დაიწყოს კვების საკითხის გადაჭრა, – ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2-ის” გადაცემაში ისაუბრა.

აქამდე გაცხადებული პოზიციებისგან განსხვავებით, ამილახვარმა აღნიშნა ისიც, რომ მას არ სურს, დაელოდოს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს; რომ სულ რამდენიმე თვეში მზად იქნება აღნიშნული გეგმა-გრაფიკი და შედეგად გავიგებთ, რა იქნება შესაძლებელი.

„სამინისტროშო შევქმენით სასკოლო კვების სპეციალური პროგრამა, სადაც დავსვით შესაბამისი ცოდნის ხალხი და დავიწყეთ დეტალური აღწერა ყველა სკოლის, რომ გამოვავლინოთ, სად შეგვიძლია, ჩვენ პირველ ეტაპზე, ეტაპობრივად დავიწყოთ ეს პროექტი, და სად ვთქვათ… ფაზები რომ გავწეროთ, და რაც მთავარია მიდგომები – თუ რანაირად შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა..

და აქ უკვე ჩვენ გვინდა, რომ გეგმა-გრაფიკი გავაკეთოთ, თავის ფინანსური გათვლებით და გაანგარიშებით, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ ამ საკითხის [კვების საკითხის] გადაჭრა.

ჩვენ სულ გვეუბნებიან, დაასახელეთ კონკრეტული თარიღი, დაასახელეთ კონკრეტული ვადები – აი, ვართ სწავლის პროცესში”, – განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრმა სკოლების რეაბილიტაციის პროცესზე აღნიშნა, რომ 3-4 წელში, 2027 წლისთვის უნდათ, რომ დასრულდეს ე.წ. 800 სკოლის პროექტი – მშენებლობა-რეაბილიტაციის. სწორედ ამ კონტექსტში ახსენა მან, რომ არ უნდა, რომ ამ პროცესის დასრულებას დაელოდოს სასკოლო კვების პროექტის ეტაპობრივად დასაწყებად.

„ამით პირდაპირ ვამბობთ, რომ სამ, მაქსიმუმ 4-წლიან პერიოდში ჩვენ გვინდა ყველა საჯარო სკოლაში გადავჭრათ ინფრასტრუქტურული პრობლემები. ბუნებრივია, რომ ახლა ძალიან რთულია, ვთქვათ, 2 წელიწადში დავიწყებთ სასკოლო კვებას, 1 წელიწადში თუ სამში, მაგრამ მე არ მინდა დაველოდო ამ პროცესს, ამიტომ ვამუშავებთ ჩვენ ახლა ამ კონფეცფიას და ვფიქრობთ, რომ სულ რამდენიმე თვეში, ამას არ დასჭირდება ერთი წელი ან მსგავსი პერიოდი, ჩვენ კონკრეტულად გავაკეთებთ უკვე და გამოვიტანთ სააშკარაოდ, რა არის შესაძლებელი, რომ დავიწყოთ“, – აცხადებს ამილახვარი.

მისივე თქმით, სამინისტრო ასევე გაერთიანდა კვების საერთაშორისო კოალიციაში, სადაც გაეცნობიან საუკეთესო პრაქტიკას, მეთოდოლოგიებსა და გამოცდილებას, თუ როგორ დაიწყეს საქართველოსნაირმა ქვეყნებმა.

„შესაბამისად, ამ სამი ფრონტით – საერთაშორისო გამოცდილება, შიდა მუშაობა, არსებული ბუფეტების მოწესრიგება – ეს არის ჩვენი პასუხი…

არავის არ მინდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ აქ ან რაღაცა ფულშია საქმე ან სხვა რამეში, როდესაც ბავშვების შიმშილობაზე ვსაუბრობთ… ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, თითქოს აკეთებენ ამას, ფულის მიცემით ეს საკითხი არ წყდება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ინფრასტრუქტურა და ადგილზე მივაწოდოთ საკვები ბავშვებს და ფინანასური ნაწილი იქნება შემდგომი ეტაპი და ვინც ამას საჭიროებს, ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა დაუფინანსოს მათ”, – განაცხადა მინისტრმა.


რა იყო სამინისტროს წინა პოზიცია სასკოლო კვებაზე?

13 ნოემბერს მთავრობოს სხდომის დასრულების შმედეგ გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოგვარების შემდეგ გაჩნდებოდა შესაძლებლობა სასკოლო კვების დაწყების:

„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში და ამის განხორციელებაში ვართ ახლა, იცით ალბათ, ამხელა პროექტები გვაქვს. მეორე, როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ, და ეს უახლოეს 2-3 წელიწადში იქნება, შემდეგ უკვე გვექნება ეპატობრივად ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა. მთავარი პრობლემა არ არის სოციალური და ფინანსური პრობლემა, რადგან რადგან სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს ისედაც ვეხმარებით 200-ლარიანი პაკეტით“, – თქვა მან.