„რამდენიმე წელი კიდევ დასჭირდება იმას, რომ სიღარიბე განულდეს ჩვენს ქვეყანაში“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე შეკითხვას უპასუხა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე: აისახა თუ არა რიგითი ადამიანების ცხოვრებაზე ეს ეკონომიკური ზრდა და როგორ, კობახიძე პასუხობს:
„სულ რაღაც 3-4 წლის წინ, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 850 000 ადამიანი. ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 000 ნაკლები.
ანუ 400 000 ადამიანმა დასძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები.
…450 000 ადამიანი კვლავ არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს ძალიან მძიმეა. და აქეთკენ უნდა გავაგრძელოთ სვლა, რომ ეს განულდეს, შემცირდეს.
სავალუტო ფონდის პროგნოზი რაც არის, ის, რომ 10 500 დოლარს გადასცდება 2027 წელს ჩვენი ეკონომიკა და 15 000 მიაღწევს უკვე 2030 წელს, ეს ნიშნავს თავისთავად იმას, რომ ჩვენ მივდივართ სიღარიბის განულებისკენ. მაგრამ ამას დასჭირდება კიდევ წლები. 3-4 წელი დასჭირდა იმას, რომ განახევრებულიყო, 850 000-დან ჩამოვსულიყავით 450 000-მდე. და რამდენიმე წელი კიდევ დასჭირდება იმას, რომ სიღარიბე განულდეს ჩვენს ქვეყანაში.
სხვა სტატისტიკური მონაცემები: როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით 250 000 მანქანა, წელს უკვე 600 000 აღემატება. ხარისხიც არის გაუმჯობესებული და რაოდენობაც გაზრდილი”, – განაცხადა კობახიძემ.