რამდენიმეათასიან დესტრუქციულ აქციას რომ ეხმაურება, მტკიცებულებაა, მოტივირებულია აქაც რაღაც მოხდეს - ღარიბაშვილი ზელენსკიზე

პუბლიკა

„თქვენ ახსენეთ ზელენსკის მიმართვა – ახლა ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმე ათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„უკრაინაში, რამდენიმე სიტყვით გეტყვით, რომ ძალიან რთული ვითარებაა, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და უკრაინაც ამზადებს გარკვეულ კონტრშეტევებს, ჩვენი ინფორმაციით. ძალიან რთული ბრძოლები იქნება ალბათ დონეცკის ოლქში მთლიანად და ბახმუტის დაკავების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გართულდება და ესკალაცია იქნება…

თქვენ ახსენეთ უკრაინელი პოლიტიკოსები, აღარ მინდა გვარები ჩამოვთვალო. გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა. მე აღარ მინდა ახლა გავაგრძელო, ადამიანი ომშია. მინდა, ყველას ვუსურვო ამ ომის დროულად დამთავრება და სიმშვიდე, წარმატება და ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას მიხედეთ, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს.