„რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?!“ – სააკაშვილი ივანიშვილზე

პუბლიკა

„რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა, საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად?! რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასებისა და ანალიზის უნარი?! რამდენჯერ უნდა დაგვცინოს?!“, – ასე აფასებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მართლაც მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა და მართვის სადავეების ოპოზიციური კოალიციისთვის გადაცემა.

„ახლა ის ჰყვება იმაზე, რომ, თურმე, 2012 წლის არჩევნები გაყალბდა. კი მარა, თუ გაყალბდა, ხელისუფლება რანაირად გადაეცა მას? და ჰყვება, რომ ახლა არჩევნები კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო და იმის მაგივრად, გადაეცა გამარჯვებული ოპოზიციური კოალიციისთვის, ჩაიდო ჯიბეში და ამბობს, რომ არ გაყალბებულა.

ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმან, რომ ივანიშვილი იძახის, რომ, თურმე, სიღარიბე არის ობიექტური რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ… ნურას უკაცრავად! სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი ამოაცალა ჯიბეებიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან დააპაუზა და გააჩერა ქვეყანა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ნული პროცენტია. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ლარის კურსი ზუსტად ორჯერ დაეცა. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში. მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია. ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ნეპოტიზმია და თუ ნათესავი, პატრონი არ გყავს მის ბანდაში, ვერაფერს აღწევ. ვერსად ეწყობი ნორმალურ სამსახურში და კონტრაქტს ვერ იღებ. ეს არის პირდაპირი შედეგი უსამართლობის და უკანონო სისტემის, რომელიც საქართველოში გაბატონდა. პირდაპირი შედეგია ფეოდალიზმის, ყმებად და მილიონერებად ქვეყნის დაყოფის.

არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაყაროს საზღვარგარეთ! მას მართლაც მოუწევს წასვლა, ოღონდ ისე კი არა, რომ ფორმალურად ჩემს შნირებს გადავაბარე ხულისუფლება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მართავს პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელების, სუს-ის მეშვეობით, რომელთაც ყოველთვიურად კონვერტით უხდის ხელფასს და ამას არაფერი კავშირი არ აქვს არც ოფიციალურ ხელისუფლებასთან და არც თანამდებობასთან. ამდენი წელია არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს.

მას მართლაც მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქართველი ხალხისთვის, რომელმაც დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით, მიუხედავად მოსყიდვის, დაშინებისა და გაყალბებისა. მოუხდება ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციური კოალიციისთვის. ასევე, მას მოუხდება ქართველი ხალხის ქონების მართლაც დაბრუნება. ეს ქონება ეკუთვნის საქართველოს, ეს ქონება არის ბოლო 8 წლის ძარცვისა და თქვენი დამცირების შედეგად მოპოვებული. საქართველოს ეკონომიკა არის გადანადგურებული, ქართული ოჯახები კი ფეხქვეშ გათელილი. ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს. ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ. არა მხოლოდ არავინ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება ამ ურჩხულის მარწუხებისგან. ყველაფერი კარგად იქნება, ძალა ერთობაშია!“, – განაცხადა სააკაშვილმა.