რაქვიაშვილი თავდაცვის კოდექსზე: ეს ცვლილებები ადამიანებს განათლების უფლებას ართმევს

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს ეხება და მათ გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. კომიტეტზე ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „გირჩის” წევრებმა თქვეს, რომ ინიციირებული ცვლილებები ადამიანებს განათლების უფლებას ართმევს. პასუხად, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ჯარში არის ინტერნეტი და ბიბლიოთეკა.

„თუ პრინციპია, რომ წვევამდელებმა არ გამოიყენონ უნივერსიტეტები იმისთვის, რომ თავი აარიდონ ჯარს, მაშინ ყველა უნივერსიტეტი გექნებათ დასახური – ყველა უნივერსიტეტში გიპოვით ახალგაზრდას, რომელმაც იმიტომ ჩააბარა, რომ ჯარში არ წავიდეს.

თქვენ ამბობთ, რომ ყაზარმაში წავიდეს, ირბინოს და საღამოს ინტერნეტი გვაქვსო და ისწავლოსო. ეს შეუძლებელი ამოცანაა, განათლების უფლების შეზღუდვაა”, – თქვა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

იაგო ხვიჩიას თქმით კი, ცვლილებების რეალური მიზეზი „გირჩის” „ბიბლიურ თავისუფლებასთან” ბრძოლაა.

„სახელმწიფო განსაზღვრავს, ვინ არის მორწმუნე. სინამდვილეში ხომ იმას ვამბობთ, რომ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კომისრებს მიაწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, „ეს ადამიანი ნამდვილი მორწმუნეა და ეს ადამიანი ნამდვილი მორწმუნე არ არის“. სხვა შემთხვევაში, რა შუაშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი? რატომ შემოგვყავს თავდაცვის საკითხების ორგანიზებაში ახალი უწყება, რომელსაც ამ საქმეში აქამდე არაფერი ესაქმებოდა?!”, – თქვა ხვიჩიამ.

გრიგოლ გიორგაძისთვის ყველა არგუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა.

რა იცვლება?

ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ვერ შეძლებს სტუდენტი, რომელიც სრულად დისტანციურად სწავლობს უცხოურ უმაღლეს სასწავლებელში. 

სანაცვლოდ მას ექნება უფლება, აირჩიოს 6, 8 თუ 11-თვიანი სამსახური გაიაროს. მას ასევე შეუძლია აირჩიოს რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამით განსაზღვრული სამხედრო მომზადების პროგრამები.

გარდა ამისა, არსებული კანონმდებლობით, მშვიდობიან პერიოდში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა შეუძლიათ სასულიერო პირებსა და ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადონ სამხედრო ვალდებულება, მაგრამ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურის გავლაზე.

თავდაცვის კოდექსის მიღებამდე სასულიერო პირებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შეეძლოთ, კოდექსის ამოქმედების შემდეგ კი მათ ეს უფლება შეეზღუდათ და კანონით ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა შესთავაზეს. ახალი ცვლილებით კი, შესაძლოა, მათმა ნაწილმა ალტერნატიული სამსახურით სარგებლობაც ვერ შეძლოს.

ეს შეზღუდვები არ ეხებათ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება კვლავ შეუძლიათ, რადგან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მოქმედებს კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი).

თუ ადამიანი სხვა აღმსარებლობისაა, მას სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს. შესაძლებელია სასამართლოში გასაჩივრება. თუმცა, სასამართლოს პასუხამდე ის ყაზარმაში უნდა წავიდეს.