რას ამბობდა „ქართული ოცნება" გახარიაზე წარსულში და რას ამბობს ახლა 

პუბლიკა

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი გახარიას დაწინაურება შს მინისტრობიდან პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე იყო „მისი პატრონებისთვის გადახდილი ერთგვარი ხარკი“. 

მდინარაძემ გახარია გააკრიტიკა შს მინისტრობის დროს, 2018 წელს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო, სადაც ის, მდინარაძის თქმით, „ნარკორეალიზატორებს ეძებდა, თუმცა ვერ იპოვა. დაზიანდა სამართალდამცავი სტრუქტურების იმიჯი და გახარიამ სწორედ სამართალდამცველების სახელით მოიხადა ბოდიში“.

მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გახარიამ „მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად“.

ამ შემთხვევებს შორის მდინარაძემ ჩამოთვალა კლუბებში სპეცოპერაცია, პანკისში სპეცოპერაცია, მესტიაში სპეცოპერაცია, „ჩორჩანას ინციდენტი“ და 20 ივნისი. 

თუმცა, სანამ გიორგი გახარია მმართველ პარტიას წარმოადგენდა, „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, მამუკა მდინარაძე მის პიროვნებას და ქმედებებს იწონებდნენ. 

20 ივნისის გავრილოვის ღამიდან რამდენიმე დღეში, 2019 წლის 29 ივნისს, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გიორგი გახარია „ასეთია პირად ურთიერთობებშიც – ის არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას”.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას, გუშინ ჩვენ მისი ინტერვიუ მოვისმინეთ, დღესაც მისი განცხადებები იყო, რომ არ გაურბის არანაირ პასუხისმგებლობას. ჩვენც ასე ვიცნობთ, პირად ურთიერთობაშიც ასეთია გიორგი გახარია, ის არასდროს გაექცევა პასუხისმგებლობას და როდესაც ელემენტალური მონაცემები იქნება გამოძიებიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, მინისტრი გახარია არ ერიდება პასუხისმგებლობას და მისი პოზიცია ბევრჯერ დაფიქსირდა ამასთან დაკავშირებით”. – თქვა მამუკა მდინარაძემ.

გახარია პრემიერ-მინისტრად 2019 წლის 8 სექტემბერს დაამტკიცეს. მდინარაძის მიერ ხსენებული მოვლენები მისი შს მინისტრობის დროს მოხდა.

რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 3 სექტემბერს მდინარაძემ თქვა:

„გიორგი გახარიას დაუგროვდა ძალიან პოზიტიური გამოცდილება, როგორც უფლებების დაცვის სფეროში, აქედან დაიწყო მან, ისე ეკონომიკის სფეროში, სადაც ძალიან წარმატებით ართმევდა თავს თავის მოვალეობას და შემდეგ იურიდიულ სფეროში, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობით. აქედან გამომდინარე, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის არის კანდიდატი, რომელმაც უნდა დაიკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა”.

2019 წლის 8 ოქტომბერს ასევე მდინარაძემ განაცხადა:

„ძალიან კარგი ამბავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველივე ნაბიჯები, პირველივე განცხადებები, პოზიტიურად შეაფასა დასავლეთმა”.

მისივე თქმით, „დასავლურ პრესაში უკვე იწერება, რომ გიორგი გახარია არის ევროპელი ლიდერი და მას საკმაოდ რთული გზა ელოდება ერთდროულად ორი გამოწვევის დასაძლევად”.

ასევე, 2020 წლის საპარლამენტო სიის წარდგენისას, 1 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია ასე დაახასიათა: 

„ქართული ოცნება” არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს. ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობის და მართვის გამორჩეული უნარი – სცენაზე ვთხოვ საქართველოს მოქმედ და მომავალ პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას. სწორედ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ საბოლოოდ წარმატებით დაძლიოს პანდემიით გამოწვეული პრობლემები და განაგრძოს სწრაფი განვითარების გზა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”

2020 წლის 13 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე თქვა:

„ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის.

ჩვენ გვყავს ერთადერთი რეალური, ძლიერი კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის და ის არა მარტო კანდიდატია, არამედ მომავალი პრემიერ-მინისტრია ჩვენი ქვეყნის, რომელიც ის უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე დაძლევს პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ, ერთ წელიწადში და ამის შემდეგ გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება”.