რას ამბობენ სოფელ კირბალის მცხოვრებლები

პუბლიკა

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს და გაიტაცეს ლევან დოთიაშვილი.

სოფელ კირბალის მცხოვრებლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თამაზ გინტური თავისსავე მანქანაში მოკლეს. ადგილობრივებიდან არცერთი მათგანი უშუალო თვითმხილველი არ არის, თუმცა ისინი მკვლელობის სავარაუდო ვერსიებზე და გინტურისთვის მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობენ.

„ალალ-მართალი კაცი მოკლეს რუსებმა. ყოველ კვირა ადიოდა ხოლმე იქ [ეკლესიაში] აანთებდა სანთელს და წამოვიდოდა[…]. მანქანა ახლაც იქ გდია. ბეჭებში აქვს სამგან ნასროლი. მანქანაში მოკლეს. უკნიდან არის ნასროლი. სულ დაცხრილულია მანქანა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ლომისაში ავიდეთ სანთლები ავანთოთო… საიდან გამოჩნდნენ რუსები მენახირეებმაც ვერ დაინახეს, ხევი არის, იქა ყოფილა 48 კაცი, რუსი. გზა გაჰყავდათ, გასროლის ხმაზე, რომ მოკლეს, მანქანაში ჩააგდეს თვითონ, მკვდარი არ იყო ცოცხალი იყო, მაგრამ არ გვიშვებდნენო. 5-ჯერ ესროლეს. ყელში აქვს მოხვედრილი ტყვიები […]. სად არის მთავრობა? არამგონია რომ ვინმე დასაჯონ. ოთხოზორიას და სხვების მკვლელები დაისაჯნენ?“, – აცხადებს ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ შეშინებულები არიან და უკვე წლებია ცხოვრება ოკუპანტების პირისპირ უწევთ.

„რაღა უნდა მოხდეს? ფეხზე დადექით, გამოფხიზლდით. არ ვიცი რა მოხდა, ვერაფერი გავიგე, კაციშვილს არ უშვებდნენ. დადგეს ქვეყანა ფეხზე. ნახირი არა, სალოცავი არა,  ეკლესია არა, ეს სიცოცხლეა? სიტყვას ვიტყვით და იმისიც გვეშინია, არავინ მოგვივარდეს, არავინ გვესროლოს და მოგვკლას“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ჩვენს ტერიტორიაზე გვკლავენ. ავიდნენ [ეკლესიაში] სანთელი უნდა დაენთოთ და იქვე ყოფილან [რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები], მიცვივდნენ და ჩაცხრილეს ბიჭი მანქანაში. ერთი გაიტაცეს იქვე გვერდზე მჯდომი. ორნი იყვნენ წასულები. სულ შიშის ქვეშ ვართ. ჩემი 2 ბიჭიც გატაცებული ჰყავდათ. ტყეში ვერ შევდივართ, შევალთ და დაგვიჭრენენ, წაგვიყვანენ. ასეთ უბედურებაში არის ჩვენი სოფელი“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ოჯახის წევრი ყვება, რომ ოკუპანტებმა გატაცებულს ოჯახის წევრებთან ერთხელ ავტომობილიდან, გატაცების დროს დაარეკინეს. ქალი ამბობს, რომ გინტური და დოთიაშვილი ჯერ სასაფლაოზე იყვნენ ასულები, შემდეგ კი ტაძარში ავიდნენ, სადაც მათ ოკუპანტები დახვდნენ, თუმცა რა მოხდა რეალურად, მხოლოდ გატაცებულმა იცის.

„ჩემი ბიძაშვილია მეორე, წაყვანილი რომ ჰყავთ და ალბათ, იმან იცის სიმართლე. ასე ყველას თავისი ვერსია აქვს, სიმართლე არავინ იცის. ანუ მე ვიცი, რომ იყვნენ ასულები სასაფლაოზე და მერე გადავიდნენ ლომისისკენ. დაარეკინეს როცა უკვე დაიღუპა, პიკაპში იყო უკან ჩაწვენილი და დაარეკინეს, რომ აეხედათ. დაარეკინეს, რომ მე კარგად ვარო და თამაზის მიხედეთო. მთელ სოფელს უყვარდა, ყველა განიცდის“, – ამბობს ქალი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.