გუშინ „პუბლიკამ“ მოამზადა მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი დოკუმენტების მიხედვით, თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტმა, გიორგიმ (შალამბერიძემ) თერჯოლის მერიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბიუჯეტიდან 10 000 ლარი სთხოვა და დოკუმენტების მიხედვითვე, მერიამ ამ თხოვნაზე უარი განუცხადა.
„პუბლიკა“ ორი დღის განმავლობაში ცდილობდა მიტროპოლიტთან, თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიასა და საპატრიარქოსთან დაკავშირებას. გამოცემა დღეს დაუკავშირდა თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის დეკანოზს, იოანე რევიშვილს.
დეკანოზმა უარყო ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა დახმარების თხოვნით მიმართა მერიას, თუმცა დაადასტურა, რომ ნამდვილად გაიმართა მიტროპოლიტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ზეიმი, 2020 წლის 25 თებერვალს, რომელსაც სასულიერო პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც დაესწრნენ:
„ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი, მეუფე გიორგის არასდროს არ მიუმართავს მერიისთვის… ჯერ ერთი – სტუმრები რომ ჰყავს რაიონს თვითონ „მოიჩანჩალონ“ თავი და თვითონ უნდა გამოთქვან სურვილი, რომ მეუფეს დაბადების დღე გადაუხადონ – სხვა სტუმრები რომ ჩამოდიან და მასპინძლობენ სხვადასხვა დღესასწაულებს და გამგეობები ათი ათასობით ლარებს წერენ… და მეუფეს არ ეკუთვნის დაბადების დღის გადახდა? მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არავინ არ შეგვიწუხებია. ახლა, ადამიანს რომ შეაწუხებ – გინდა გამგეობა იყოს, გინდა მეზობელი იყოს და გინდა მოძღვარი იყოს, დაბადების დღე გადამიხადეო, ეს არის უზრდელობა“, – აღნიშნავს დეკანოზი იოანე.
გუშინდელ ჩვენს მასალაში აღნიშნული იყო, რომ სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი დოკუმენტების მიხედვით, თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ გადაურიცხა 5 000 ლარი.
როგორც დეკანოზმა იოანემ აღნიშნა, 2020 წლის 25 თებერვალს გამართულ ზეიმზე საკრებულოს წევრებმა თქვეს, რომ თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე აპირებდა 5 ათასი ლარის გადარიცხვას მიტროპოლიტისთვის, თუმცა, როგორც დეკანოზი „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, თანხა დეპუტატს არ გადაურიცხია.
გუშინ „პუბლიკა“ დეპუტატ ელგუჯა გოცირიძესაც დაუკავშირდა. შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ის ამ ინფორმაციას, დეპუტატი გვპასუხობდა, რომ „არ მგონია. არ მახს… ტყუილი მგონია. ტყუილი ინფორმაციაა“.
„(წინა წელს) პატარა ზეიმი მოვუწყეთ. გამოვიდოდა ხან საკრებულოს თავმჯდომარე, ხან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – „ბატონმა ელგუჯა გოცირიძემ გადმოურიცხა მეუფე გიორგის თანხა“. 5 ათასს ამბობდნენ, მე მგონი. დაამთავრებს ლექსს. ავა მერე მოადგილე – „ელგუჯამ მოგილოცა 5 ათასი ლარით“… ჯერ, რათ უნდა ადამიანს (ამის გამეორება) თუ არ დებ თანხას, რათ უნდა ყოველი ლექსის მერე? მერე ანგარიშის ნომერიც მივწერე და არ გადმოურიცხია მაგ თანხა. დავრჩით ასე, ჰაერში“, – იხსენებს დეკანოზი.
როგორც დეკანოზი იოანე რევიშვილი ამბობს, თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები ჯერ „სცენიდან ახმოვანებდნენ“ ინფორმაციას და მერე სუფრაზე – „ყოველ მე-3, მე-4 სადღეგრძელოზე მაინც“.
შეკითხვაზე, თუ ვისი თანხით გაიმართა დაბადების დღე, დეკანოზი იოანე პასუხობს, რომ შემოწირულებით. მისი განმარტებით, თანხა კონვერტებით მოჰქონდათ სტუმრებს, სასულიერო პირებს და მრევლს.
როგორც დეკანოზი იოანე აღნიშნავს, ყოველ წელს მეუფე გიორგი წინააღმდეგია დაბადების დღის გადახდის, თუმცა თავად დეკანოზ იოანეს ინიციატივით იმართება საიუბილეო ღონისძიებები. მისივე თქმით, 2021 წელს მეუფის დაბადების დღის წვეულება კორონავირუსის პანდემიის გამო არ გამართულა.
12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.
საუბარია, ათასობით დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.