რას ამბობს ბესიკ ბოგველი, რომელსაც მელიასთვის გირაოს გადახდა სურს

პუბლიკა

როგორც გუშინ ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, მოქალაქემ, ბესიკ ბოგველმა, პარტიას მიმართა წერილით და გამოთქვა მზადყოფნა, გადაუხადოს მელიას 40 000-ლარიანი გირაო.

ბესიკ ბოგველი „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელია. ის დღეს ჟურნალისტებმა მაშინ ჩაწერეს, როდესაც მეტროთი გადაადგილდებოდა.

ტელევიზიებთან ის ამბობს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან.

„ეს არის, უბრალოდ, დასტური, რომ მმართველი პარტია და მასთან დაკავშირებული ძალები დესტაბილიზაციისა და დაპირისპირების გარეშე ვერ ძლებენ…

ღამე არჩევდნენ, ვისი კაცი ვარ. რეკავდნენ აქეთ-იქით… ფსიქოლოგი ვარ. არ შეიძლება, ფსიქოლოგს პოზიცია ჰქონდეს?

ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი არის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, თანაგრძნობაც არის. მე ვხედავ, რომ ცუდად მიდის პროცესები ქვეყანაში“, – ამბობს ის.


„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა, ბესიკ ბოგველმა გამოთქვა. მელიას დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.

ამასთან, როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, რითაც 3 ნოემბრის გადაწყვეტილება – გირაო, არის ანულირებული.