რას ამბობს პირი, რომელიც ამბობს, რომ ღამით ამირხანაშვილს ხვდება | შაქარაშვილის საქმე

პუბლიკა

„ამ საქმესთან (შაქარაშვილის საქმესთან) დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამით ჩემ პირად საქმეზე. მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა“, – ესაა კომენტარი, რაც ხაშურის მკვიდრმა, ლაშა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

ლურსმანაშვილისა და პოლიციის მტკიცებით, სწორედ ის არის პირი, რომელიც ღამით, „ტოიოტა ქამრიდან“ გადმოსულ გურამ ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

მანამდე, ერთი დღით ადრე, ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ მიკროავტობუსიდან გადმოსული პირი ამირხანაშვილს ხვდება. ამირხანაშვილი ერთ-ერთი მთავარი მოწმეა შაქარაშვილის საქმეზე. წერეთელზე, იმ ადგილას, სადაც კამერებმა დააფიქსირეს, იგი იმ „ტოიოტა ქამრიმ“ ჩამოსვა, რომელიც დანაშაული საქმეში ფიგურირებს და რომლის მგზავრებიც დაკავებულები არიან.


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. მისი დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა.

როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი.

ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა მკვლელობის კვალიფიკაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს.

საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლისა და ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირის სახელმა.