გუშინ ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ, რა მონაცემებზეც დაყრდნობით ცესკო 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნას აპირებს.
მოგვიანებით ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც, მხოლოდ ელექტრონულად საკონსულო აღრიცხვა 128 000 საქართველოს მოქალაქემ გაიარა.
„აგვისტოს დასაწყისში 67 000 საარჩევნო ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე. დღეს კი ცესკო აცხადებს, რომ საგარეომ მხოლოდ 65 000 ამომრჩევლის სია გადასცა. სად გააქრეს ეს ხალხი? რა უფლებით ართმევენ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს საარჩევნო ხმის უფლებას”, – წერდა ლომჯარია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა მოქალაქემ გაიარა, ხოლო უწყებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 000 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.
საგარეოს განცხადებით, ეს მონაცემები მოიცავს 2015 წლიდან აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდეობას, ხოლო ცესკოს მხოლოდ აქტიურ ამომრჩეველთა სტატისტიკა გადაეცა.
„აღნიშნული ვებგვერდი ამოქმედდა 2015 წელს. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებგვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.
შესაბამისად, ვებგვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი.
შესაბამისად, ცესკო-ს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან სადაც, პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ტარდება არჩევნები”.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.