რას ამბობს სამხარაულის ექსპერტიზა ვაშლიჯვრის მეწყერზე

პუბლიკა

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ვაშლიჯვარში მეწყრული პროცესებთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს. მათი თქმით, გამოკვლეულ ტერიტორიაზე (მ. მაჭავარიანის ქუჩა)  განვითარებულია მძლავრი კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი.

როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, მეწყრის საშუალო სიგანე 100 მეტრია, ხოლო მეწყრული სხეულის სიგრძე 200 მეტრს შეადგენს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვიზუალური დაკვირვებით, ნაპრალები ზედაპირულ ნაწილში ღიაა და ღიობის სიგანე 0.5მ-დან 1.5მ- მდე იცვლება.

„დიდი ალბათობით, მეწყრული სხეულის შემდგომი გადაადგილება საავტომობილო გზის მიმართულებით ფერდობის სხვადასხვა ნაწილში ახალ მეწყრულ ნაპრალებს და საფეხურებს წარმოქმნის“, – წერია სამხარაულის დასკვნაში.

ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, მეწყერი აქტიურ დინამიკაშია და ის შეუქცევად ხასიათს ატარებს.

  • „დაუყოვნებლივ შეწყდეს ვაშლიჯვარსა და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (მ. მაჭავარიანის ქუჩა) შესაბამის მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.

  • განხორციელდეს მეწყრული პროცესის უწყვეტი მონიტორინგი (დაკვირვება) შესაბამისი მეთოდიკის მიხედვით“, – წერია დასკვნაში.

მათი თქმით, უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს მეწყრული პროცესების სტაბილიზებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებები.

დასკვნაში წერია, რომ გამოკვლეულ უბანზე მეწყრული პროცესების წარმოქმნა-განვითარება უკავშირდება გრავიტაციულად დაძაბულ ფერდობზე მისი ამგები ქანების წონასწორობის დარღვევას, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს როგორც ბუნებრივი, ისევე ტექტოგენური ფაქტორებით.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, დაიდო პირველადი გეგმა და იწყებენ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.


18 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვარში, იქ, სადაც გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყრული პროცესი დაიწყო. დედაქალაქის მერიის მოწვევით 22 მარტს თბილისში გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები ჩამოვიდნენ.

ნუცუბიძის ფერდთან, სადაც მეწყრული პროცესებია დაწყებული, მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა შენდება.   სამუშაოების შესყიდვაზე 18 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი 2019 წელს გამოცხადდა. ტენდერი კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მოიგო და ხელშეკრულება 2019 წლის ივლისში გაფორმდა.

წაიკითხეთ დასკვნა სრულად: