პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების დაპირება საკონსტიტუციო უმრავლესობას უკავშირდებოდა, თუმცა თუ ოპოზიცია „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს“, შესაძლოა, განიხილონ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა სასამართლოში.
აქვე კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია „დასუსტებულია და შეიძლება, ასეთი ზომის მიღება საჭირო აღარ გახდეს“.
„მთლიანად ოპოზიცია ცდილობს, წავიდეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, მათ არ აქვთ არგუმენტები არჩევნებთან დაკავშირებით. […]
ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი, თუ ისინიც გააგრძელებენ საკონსტიტუციო წყობილების წინააღმდეგ წასვლას, მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ამის რესურსი არ აქვთ. მე მგონია, მალე ისინი გაჩერდებიან, შესაბამის ინსტრუქციებს მიიღებენ და საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, აღმოჩნდებიან პარლამენტში სკამებზე.
საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა, თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მსვლელობას, შეიძლება, განვიხილოთ ეს საკითხი, თუმცა მეორე მხრივ, ისეთი დასუსტებულია ოპოზიცია, შეიძლება, აუცილებელი აღარ გახდეს ასეთი ზომების მიღება, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ეს ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა (113 ხმა) ვერ მოიპოვა.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების, მათი თქმით, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, არაკონსტიტუციურად გამოცხადება იყო.
„ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრობა. ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება“, – ამბობდა ირაკლი კობახიძე.
კონსტიტუციონალისტების განმარტებით, რომელიმე პარტიის აკრძალვის პროცესის წამოსაწყებად საკმარისია პარლამენტარების მინიმუმ მეხუთედის (30 დეპუტატის) მიმართვა, ასევე პრეზიდენტის ან მთავრობის.
მიმართვის შემთხვევაში პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
ვახუშტი მენაბდის თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ პარტია არაკონსტიტუციურია, პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად მისი საპარლამენტო წარმომადგენლობა უქმდება.