რას ამბობს მდინარაძე პოლიტიკაში სპორტსმენების მონაწილეობაზე დღეს და რას ამბობდა გაზაფხულზე

პუბლიკა

გუშინ „ქართულმა ოცნებამ” სიის პირველი ოცეული წარადგინა – მასში მოხვდნენ ახალი სახეები, მათ შორის არიან ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი. სპორტსმენების საარჩევნო სიაში ყოფნასთან დაკავშირებით არსებული კრიტიკის შესახებ დასმულ კითხვაზე მმართველი გუნდის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეს არის „ფაშისტური ბულინგი და მარაზმი”. ის აქვე აღნიშნავს, რომ პოლიტიკა „ყველას საქმეა”.

„პოლიტიკა არის ყველას საქმე, სპორტსმენის, იურისტის, ექიმის – ვინც გადაწყვეტს და ვისთანაც შედგება კონსულტაცია წარმატებით, რომ მან პოლიტიკაში გააგრძელოს თავისი ძალიან წარმატებული კარიერა. ყველას საქმეა, პოლიტიკა ეხება ყველას, ყველა ადამიანს…

თქვენ ხვალ რომ გადაწყვიტოთ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, ამისთვის ვიღაცებმა ფაშისტური ბულინგი უნდა მოგიწყონ? ხომ წარმოუდგენელი ამბავია? აი, ეს არის გოიმობა, ეს არის მარაზმი”, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების” არაერთ წევრს, მათ შორის მდინარაძეს აქამდე არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკაში სპორტსმენები არ უნდა გარიონ. მაგალითად, მამუკა მდინარაძე 4 აპრილს საუბრობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე და მოუწოდებდა მოქალაქეებს, გაემიჯნათ ისინი პოლიტიკური „პაექრობისგან”.

„იმ ბიჭებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნუ გარევთ პოლიტიკურ პაექრობაში. ვიპაექროთ ჩვენ და იმ ხალხს თავი დაანებონ და ფეხბურთის თემის გამოყენებას დაანებონ თავი. იმიტომ რომ ის ადამიანები, ის გმირი ბიჭები, რომლებმაც უდიდესი წარმოდგენა მოუტანეს მსოფლიოს ევროპის ასპარეზზე ქართულ სახელმწიფოს, გუნდს, ეროვნულ ნაკრებს, შეიძლება, ზოგს რაღაც წარმოდგენა ჰქონდეს, ზოგს რაღაც წარმოდგენა ჰქონდეს, ნუ გავხდით 1% რისკადაც კი დაპირისპირების საფუძვლად, ნუ შევაგდებთ ამ თემას, სპორტსმენებს დავანებოთ თავი”, – აცხადებდა მდინარაძე.

 

გარდა ამისა, რუსულ კანონთან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების კრიტიკას მმართველი გუნდის დეპუტატი, ნინო წილოსანიც მსგავსი ნარატივით გამოეხმაურა და თქვა, რომ მსახიობები, რომლებიც კანონს აპროტესტებენ, პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევიან:

“ვფიქრობ, კანონის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების და არგუმენტების უსუსურობაზე უფრო მეტყველებს. დარწმუნებული ვარ ის მსახიობები, რომლებიც ერთვებიან ამ პროცესებში, საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მინდა მივმართო – რუსეთს, ეკრანებს და სხვადასხვა ცნობილ სახეებს ამოფარებას, აჯობებს, სადაც საჭიროა იქ გვესაუბრონ”.