რას აპროტესტებენ 209-ე საჯარო სკოლის მშობლები - რა პასუხი აქვთ სამინისტროში

პუბლიკა

თბილისის 209-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის ახალი შენობის აშენების მოლოდინში უკვე მესამე წელია ალტერნატიულ ფართში, 59-ე საჯარო სკოლაში დადიან განათლების მისაღებად.

გუშინ მოსწავლეთა მშობლებმა სკოლისთვის ახალი შენობის აშენების გაჭიანურება  გააპროტესტეს და გზა გადაკეტეს.

იმის გასარკვევად, თუ რა გახდა პროცესის გაჭიანურების მიზეზი, „პუბლიკა“ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ შჩერბაკოვას დაუკავშირდა.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ ჯერჯერობით სკოლის შენობის დემონტაჟი დაწყებული არ არის. მისი თქმით დემონტაჟისთვის საჭირო დოკუმენტების მოძიება-მომზადება რამდენიმე ფაქტორმა შეაფერხა. ერთი მხრივ, გაჭიანურდა სკოლის მომიჯნავე ფიზიკურ პირთან ტერიტორიის გამოსყიდვის მოლაპარაკებები; მეორე მხრივ კი, სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გავრცელების არეალშია, რამაც ასევე შეაფერხა საჭირო დოკუმენტების მომზადება.

„მე, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რაც დამავალა სამინისტრომ და მითხრა რომ დემონტაჟისთვის მომემზადებინა დოკუმენტები, აქტიურად ვასრულებდი. სამინისტროს მხარდაჭერაც გვაქვს ამ პროცესში, მაგრამ დროში გაიწელა ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ჩვენს სკოლას ჰყავს მომიჯნავე ფიზიკური პირი, რომლთანაც თავიდან ფართის გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გართულებული იყო. ამ პერიოდში იმას მივაღწიეთ, რომ ეს პირი წამოვიდა მოლაპარაკებაზე, სამინისტრომ უნდა შეისყიდოს შენობა-ნაგებობა და ეზო-კარმიდამო მთლიანად იმისთვის, რომ მოხდეს სტანდარტების დაცვით სკოლის შენობის ჩადგმა….

მეორე, ჩვენი სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გავრცელების არეალშია და ამ ყველაფერის დაზუსტებას გარკვეული დრო სჭირდებოდა დოკუმენტების მომზადებისას. ჩემთვის ეს ორი ფაქტორი ყველაზე შემაფერხებელი იყო დოკუმენტების მომზადებისას. თუმცა, როგორც მოვალეობის შემსრულებელმა, ცდა არ დამიკლია და ყველა დავალება, რომლებიც სამინისტროს მხრიდან მოდიოდა, ეს იყო ფიზიკურ პირთან კომუნიკაცია, მშობლების ინფორმირება, ყველა წვრილმანზე მაქსიმალურად მქონდა რეაგირება“, – ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

მისივე თქმით, აბსოლუტურად გასაგებია მშობლების პროტესტი, რადგან თითქმის სამი წლის განმავლობაში სკოლის ალტერნატიულ ფართში ყოფნა, სადაც სწავლა შუადღის სმენაშია, ბევრი მშობლისთვის არ არის მოსახერხებელი და ბევრ სირთულეს უქმნის მათ. ამას ემატება ისიც, რომ 209-ე სკოლა სოფელ გლდანში ერთადერთი სკოლა იყო და ამ მხრივ მშობლებისთვის ალტერნატივა ხელმისაწვდომი არაა.

მისივე თქმით, მშობლების გუშინდელი პროტესტის შემდგომ განათლების სამინისტროდან სკოლას დაუკავშირდნენ და დღეს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა შესთავაზეს, რათა არსებულ პრობლემაზე ერთად იმსჯელონ. დირექტორს მოლოდინი აქვს, რომ სამინისტროსთან შეხვედრა შედეგს გამოიღებს და პროცესს დააჩქარებს.

რა პასუხი აქვს სამინისტროს

„პუბლიკა“ განათლების სამინისტროს სსიპ-ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა, რათა მიგვეღო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა 209-ე საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის აშენების  პროცესი. სააგენტოში აცხადებენ, რომ სკოლის ახალი შენობისთვის ტენდერი უკვე დასრულებულია.

სააგენტოში პასუხად აცხადებენ, რომ თბილისის N209 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურებს სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად ახორციელებს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ 209-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 და 2010 წლის 13 აგვისტოს №239 დადგენილებებით დამტკიცებული წესის მიხედვით, უნდა განახორციელოს სკოლის ადმინისტრაციამ.

„სკოლის მხრიდან დემონტაჟისთვის საჭირო პროცედურების მიმდინარეობის პარალელურად სააგენტომ გამოაცხადა და უკვე დასრულებულია ტენდერი თბილისის N209 საჯარო სკოლისთვის 300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის დიზაინ ბილდის მეთოდით მშენებლობის მომსახურების შესყიდვაზე.

აქვე გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე გარემოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის“, – აცხადებენ სააგენტოში.

სამშენებლო პროცედურების მიმდინარეობისა თუ ვადების შესახებ მეტი დეტალის გასაგებად კი შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული გვერდის გამოყენებისკენ მიგვითითეს.