საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებას სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
მისი თქმით, სტრატეგიული მიზნებია კულტურაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, კულტურასა და შემოქმედებით პროცესებში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტეგრაცია, ხელოვანთა მხარდაჭერა და სოციალური დაცვა, შემოქმედებითი საქმიანობის და ინდუსტრიების გაძლიერება, ასევე, სახელოვნებო განათლების განვითარება და ხელმისაწვდომობა.
თეა წულუკიანმა „კულტურის კოდექსიც“ ახსენა და თქვა, რომ ის იქნება კულტურის სფეროს ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი.
„მოხდება სამართლებრივი გარემოს სრულყოფა – შემუშავდება „კულტურის კოდექსი“, რომელიც იქნება კულტურის სფეროს ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე.
კოდექსი გააერთიანებს კულტურის სფეროს ყველა დარგსა და მიმართულებას და დაარეგულირებს კულტურის სფეროში სახელმწიფოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობათა ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს“, – განაცხადა მან.