„საშინაო გამოძიებას, რას ერჩიან? საშინაო რომ იყოს, რა პრობლემაა? - პაპუაშვილი არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე

პუბლიკა

„[არჩევნების] საშინაო გამოძიებას, რას ერჩიან? საშინაო რომ იყოს, რა პრობლემაა? რატომ არ ენდობიან?“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნას შეეხებოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ასე არ ენდობოდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სასამართლოს, ასე არ ენდობოდნენ გვარამიას, მელიას, სააკაშვილის საქმეებზე. ხომ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები სასამართლოს მიმართ, ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მის მიმართ ბრალმდებლები იყვნენ მტყუანი. ანუ ჩვენ ძალიან კარგი საშინაო გამოძიებები გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, თუკი რაიმე საჭირო არის და უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება საჩივრების განხილვა ცესკო-ში. ამას ყველა ნახავს და დააკვირდნენ და ნახონ, კმაყოფილები იქნებიან თუ არა ამ განხილვებით.“

პაპუაშვილი ამბობს, რომ „საერთაშორისო გამოძიება Edison Research-ის მიერ „ეგზიტპოლის გაყალბებას“ სჭირდება.

„რასაც საერთაშორისო გამოძიება სჭირდება, რაც ნამდვილად არის მათი იურისდიქციაში და შეუძლიათ – პირველი, გამოიძიონ ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ეგზიტპოლის გაყალბება. ხომ დადასტურდა, რომ ეს გაყალბებულია, თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ გაყალბებულია? ახლა გამოიძიონ, რატომ გაყალბდა, ამის უკან იდგა პოლიტიკური კორუფცია და გავლენები, ფულით კორუფცია და ქრთამი, თუ რა იდგა. ფაქტია,რომ ეს იყო გაყალბებული ეგზიტპოლი და Edison Research-მა შეასრულა ის როლი, რაც ISFED-ს 2020 წელს, როდესაც ციფრების აცდენით არეულობა უნდა შემოეტანათ საზოგადოებაში.“