„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება.
„რაც შეეხება დეზინფორმაციას ფარულობის დარღვევაზე – ამ მეთოდით, ელექტრონული ტექნოლოგიით 6 არჩევნები ჩატარდა, არც ერთ არჩევნებზე არავის პრეტენზია არ ჰქონდა, არც ამ არჩევნებზე არ ჰქონია არავის მელანთან დაკავშირებით პრეტენზია. მხოლოდ ხუთი დღის თავზე მოიფიქრეს საბაბი და ამბობენ და ამით ამტკიცებენ, რომ არის ფარულობა დარღვევული. ახლა რა ხდება საერთაშორისო პრაქტიკით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარტიის ცენტრალურ ოფისში პრეზენტაციაზე პაპუაშვილმა წარადგინა პოლონეთის, ბულგარეთის, ლიეტუვისა და მოლდოვის არჩევნების ფოტოსურათები და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებში არჩევნებში ბიულეტენებს კონვერტში საერთოდ არ დებენ და გამჭვირვალე ყუთში ცხადად ჩანს, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
„პოლონეთში არაა კონვერტში მოთავსებული და ჩანს კიდევაც, ვის აძლევს ხმას ამომრჩეველი. ანუ რა უნდა თქვას საიამ, რომ პოლონეთში ხმის ფარულობაა დარღვეული და არჩევნები უნდა გაუქმდეს?
ბულგარეთის 2024 წლის არჩევნები – გამჭვირვალე ყუთი, ბიულეტენი კონვერტში არ თავსდება. ანუ რას ფიქრობს საია, მისი დამფინანსებელი ევროკავშირის წევრი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?
ლიეტუვის არჩევნებში ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება.
გუშინ იცით, რომ მოლდოვაში არჩევნები შედგა, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა. ჩვენ ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? ამას უპირებს მოლდოველ ხალხს საია?
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა თაღლითობასთან გვაქვს უკვე საქმე ზოგიერთი NGO-ს მხრიდან, როდესაც ვეღარ პოულობენ ვერცერთ არგუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და ხავსს ეჭიდებიან […]
[ორგანიზაციები] „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყვნენ და ახლა, როცა ეს შედეგი არ დადგა, ისინი ცდილობენ საკუთარი უცხოური დაფინანსება გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ, მოლდოველ, ბულგარელ, ლიეტუველ და პოლონელ ამომრჩეველს არჩევანი წაართვან“, – აცხადებს პაპუაშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხმის ფარულობის დარღვევის გამო ელექტრონული უბნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.
საიას მოთხოვნა საოლქო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს. ნონა ქურდოვანიძემ 3 ნოემბერს დაწერა, რომ სარჩელების ნაწილი არ დაკმაყოფილდა სასამართლოშიც.
საიამ 24 სასამართლოში 24 სარჩელი შეიტანა.
ცესკო ამტკიცებს, რომ ბიულეტენის დასაბეჭდად რეკომენდებულზე უფრო სქელი ფურცელი გამოიყენეს და „უკან სადღაც ფერმა გამოკვეთა“, არ ნიშნავს ფარულობის დარღვევას.