დაველოდოთ და ვნახოთ, რას გააკეთებინებს შიში დღეს „ქართულ ოცნებას", - მელია

პუბლიკა

„შიში რას გააკეთებინებს დღეს „ქართულ ოცნებას” – გამოატანინებს სანქციას დაპატიმრებაზე თუ პირიქით, დაველოდოთ და ვნახოთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ მისი აღკვეთის ღონისძიების საქმეზე განაცხადა.

მისი თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა „გაფორმდეს”, ორივე იქნება შიშით ნაკარნახევი.

„ორივე შემთხვევაში ეს იქნება შიშით ნაკარნახევი, ორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ხომ – მურუსიძის სასამართლოს გააფორმებინებენ პატიმრობას, რომელიც იქნება შიშით ნაკარნახევი, მეორე შემთხვევაში – არდაპატიმრებაც, ასევე იქნება შიშით განპირობებული”,  – აცხადებს მელია.

რაც შეეხება შეკითხვას, პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში სამოქმედო გეგმაზე, მელია ამბობს, რომ:

„მე გეგმებზე არ ვსაუბრობ, მე გეგმებს ვახორციელებ. რატომ უნდა გითხრათ რას ვაპირებ, რატომ უნდა გავუადვილო ცხოვრება გავრილოვ ბიძინა ივანიშვილს”.

მან ასევე აღნიშნა, რომ „არ ჩაბარდება გავრილოვს”.


თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მელიას აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.