„რას გავაკეთებდი მე" - გიორგი გახარია საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია, ტელეკომპანია „ფორმულასთან” აყალიბებს გეგმას, თუ როგორ მოიქცეოდა იგი ხელისუფლების ადგილას,  რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომისა და მისგან გამოწვეული, მიმდინარე კრიზისის დროს.

„როგორც კი ომი დაიწყო, რას გავაკეთებდი მე” – ამბობს იგი და გამოყოფს სამ ძირითად მიმართულებას  – საერთაშორისო ურთიერთობებს, ეკონომიკას და უსაფრთხოებას.

საერთაშორისო ურთიერთობები

გახარიას თქმით, ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა წარედგინა სასწრაფო ღონისძიებების გეგმა. უნდა ჩამოყალიბებულიყო გადაუდებელი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმები.

ამ მიმართულებით იგი 4 ძირითად საკითხს გამოყოფს.

პირველი: ყველას უნდა გვესმოდეს, ხელისუფლების თუ თითოეული მოქალაქის ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო ცხელ ომში არ იყოს ჩათრეული, მაგრამ ასევე საქართველო არ უნდა იყოს იზოლირებული თანამედროვე, განვითარებული მსოფლიოსგან. მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა ამ ორივე მიზანს მიაღწიოს.

მეორე – საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რომ შეინარჩუნოს უძლიერესი პარტნიორული ურთიერთობები კიევთან და მოლდავეთთან. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას პრეტენზიებს წარუდგენს, ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება და აქ საქართველოს სუვერენიტეტზეცაა საუბარი, ჩვენს მთავრობას რომ ჰქონია, რომ თუ იგი ამას არ შეიმჩნევს, ეს გაივლის და მას არაფერი შეეხება. ასე არ მოხდება.

მესამე – ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს – წარმოუდგენელი ძალების კონსოლიდირებას უკრაინისადმი სოლიდარობის ირგვლივ. საქართველოს მთავრობას, რომელიც ოკუპირებულია და უმძიმესი რისკების წინაშეა უსაფრთხოების კუთხით,  ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ეს უპრეცედენტო სოლიდარობა ჩვენც გვფარავდეს. ჩვენ ოკუპირებულები ვართ, ჩვენც გამოვიარეთ ომი რუსეთთან. ჩვენ ეს ფასი, სისხლით უკვე გადახდილი გვაქვს. მთავრობას არ აქვს უფლება დაიმალოს და საერთაშორისო თანამეგობრობას და მათ შორის კიევსაც არ ჰქონდეთ არანაირი მოტივაცია ამ სოლიდარობამ გადაფაროს საქართველოს უსაფრთხოება.

მეოთხე – გამოცდები, გამოწვევები არის შესაძლებლობა შენს პარტნიორებთან გააღრმავო ნდობა. ისე კი არ მოიქცე, როგორც იქცევიან. არავინ ითხოვდა ჩვენგან, რომ საქართველო პირველი შეერთებოდა სანქციებს. მოლოდინი იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური თანადგომის გამოცხადებისა, რაც მთავრობას შეეძლო. არ გეგონოთ რომ ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს.. და ამ დრო ჩვენი მთავრობის მეთაური გამოდის და ამბობს, რომ ომი კიევშია და მე აქ ეკონომიკური პრობლემები მაქვსო”. – ამბობს გახარია.

ეკონომიკა

„ახლა ვისაუბროთ ეკონომიკაზე, – ამბობს გახარია – პირველ რიგში სასწრაფო ანტიკრიზისული დახმარება ექსპორტიორებს და დახმარება ადამიანებს, რომლებიც გადმორიცხვებს იღებდნენ კიევიდანაც და რუსეთიდანაც.

გახარიას თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ექსპორტის 25% დაახლოებით ერთი მილიარდი, მოდის რუსეთსა და უკრაინაზე.  “ასევე, ამ ორი ქვეყნიდან წლიურად ჩვენ ვიღებთ დაახლოებით ნახევარ მილიარდს. უნდა გვესმოდეს, რომ  ამ ორი ქვეყნიდან ქართველები ოჯახის წევრებს ურიცხავდნენ თანხებს და მათ აქვთ კრედიტები, აქვთ ხარჯები, დღეს ეს ყველაფერი გამქრალია”.

გახარია ამბობს, რომ ასევე უნდა ავამუშაოთ ფართო მასშტაბის სოციალური მხარდაჭერის გეგმა. „ჩვენ ხომ გვესმის, რომ ეს ორი უმსხვილესი ეკონომიკის მდგომარეობას, რომელიც ჩვენი ძირითადი პარტნიორები იყვნენ,  პირდაპირი გავლენა ექნება საქართველოში ენერგომატარებლების ფასზე, ინფლაციაზე, დოლარის კურსზე, ყველაფერზე. ეს კოვიდის შემდგომ კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას. ჩვენი მთავრობა კი ამბობს, რომ არაფერი ხდება და ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდა აქვს. არ ვიცი ამას რა დავარქვა”.

გახარია ეხება სასურსათო პრობლემებსაც – „როდესაც იცი, რომ შენი ქვეყანა საბაზისო პროდუქტებით დამოკიდებულია რუსეთსა და უკრაინაზე, სასურსათო მომარაგება უნდა დალაგებულიყო. თანაც  ეს მარტივია, ამაში რთული არაფერია. ამ ხალხს გამოცდილება აქვს, ჩვენ ეს გავაკეთეთ კოვიდის დროს, თან მაშინ გლობალური პრობლემის წინაშე ვიდექით”.

უსაფრთხოება

რაც შეეხება უსაფრთხოებას, გახარიას თქმით, დღეს საქართველოს მთავრობამ ზუსტად უნდა იცოდეს რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. – „ასევე უნდა იცოდეს რა ხდება მიგრაციის და ემიგრაციის ნაწილში. დემოგრაფიულად სად ვართ და რა მდგომარეობაში ვართ”.

„და რაც მთავარია, როგორია გეგმები, სად ვართ დღეს და სად მიჰყავთ ქვეყანა ხვალ, ამ ყველაფერზე მოქალაქეებს უნდა ესაუბრებოდნენ, ისინი ბედის ანაბარა მიგდებული არ უნდა ჰყავდეთ. სწორედ აქედან იბადება შიშები, აქედან იბადება დაუსაბუთებელი რიგები მაღაზიებში”. – ამბობს ყოფილი პრემიერი.

მისი თქმით, მოსახლეობა ხედავს უსუსურ, შეშინებულ, არაკომპეტენტურ მთავრობას და მეორე მხრივ წაგებულ, დაკარგულ საერთაშორისო პერსპექტივებს.