რას გულისხმობს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა | სრულად

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის პრეზენტაცია გამართა.

რა წერია გეგმაში?

თამარ გაბუნიას თქმით, შერჩეული ვაქცინის ეფექტურობა და მოსახლეობაში ბუნებრივი იმუნიტეტი (გადატანილი დაავადების შედეგად) განსაზღვრავს იმუნიზაციით საჭირო მოცვის მაჩვენებელს, რომელსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს, რომ დაიცვას მოსახლეობა და გახსნას ეკონომიკა.

ამიტომ მისი თქმით, 2021 წლის საორიენტაციო (და ამბიციური) სამიზნეა მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინით მოცვა.

გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის პროგრამა გაიშლება ეტაპობრივად, მოწოდებული დოზების პარალელურად მოხდება ჯერ პრიორიტეტული (მაღალი რისკის) ჯგუფების უზრუნველყოფა, შემდეგ დანარჩენი მოქალაქეების.

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გეგმა მოქნილია და ითვალისწინებს ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის მქონე ვაქცინის გამოყენებას.

პერსპექტიული ვაქცინების შერჩევის კრიტერიუმი

გეგმის მიხედვით, ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე ვაქცინის იმპორტისთვის სავალდებულო კრიტერიუმებია:

–  ვაქცინა იყოს აღიარებული ჯანმო-ის მიერ და შეყვანილი ან გადაუდებელი გამოყენების სიაში ან გავლილი ჰქონდეს პრეკვალიფიკაცია

– ვაქცინას უნდა ჰქონდეს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან, როგორიცაა FDA (აშშ), EMA (ევროგაერთიანება), გაერთიანებული სამეფო, იაპონია, ავსტრალია და ა.შ. (სულ 37 ქვეყნის მარეგულირებელი)

შესაბამისად, გაბუნიას თქმით, გეგმა ითვალისწინებს მხოლოდ იმ ვაქცინების გამოყენებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:

• 2021 წლის 14 იანვრის მონაცემებით, ამგვარი ვაქცინა მხოლოდ სამია, თუმცა გეგმის მიხედვით, მოსალოდნელია ეს სია მნიშვნელოვნად გაფართოვდეს 2021 წლის მე-II და III კვარტალში.

თამარ გაბუნიას თქმით, გეგმის მიხედვით, ადამიანური რესურსის გადამზადების მიზნით გამოყენებული იქნება ჯანმო-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ უკვე შემუშავებული მასალები-გაიდლაინები. როგორც ის ამბობს, შემუშავებულია ტრენინგის გეგმა, თემატური დიზაინი და მეთოდოლოგია; განსაზღვრულია სამიზნე აუდიტორია და მათი რაოდენობა.

ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგი

გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის შემდგომ განვითარებულ არასასურველ მოვლენებზე (იშგამ) ზედამხედველობა და მართვა განხორციელდება არსებული სისტემით, რომელსაც ქვეყანა 20 წელზე მეტია იყენებს.

• სისტემას-დოკუმენტაციას დაემატება შერჩეული ვაქცინის სპეციფიკური ელემენტები და არსებულ რეგულაციებთან ერთად საჭიროების მიხედვით შემუშავებული იქნება დამატებითი რეგულაციები;

• გაფართოვდება იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი.

კომუნიკაციის პრიორიტეტები

პრეზენტაციის მიხედვით, მომზადებულია კომპლექსური და პროაქტიული საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს:

  • სამედიცინო პერსონალისა და მედიატრეინინგებს;
  • ეროვნულ დონეზე საინფორმაციო და სოციალური მობილიზაციის კამპანიას;
  • ვაქცინაციის გვერდით მოვლენებზე საზოგადოების ინფორმირებას;
  • მედია და სოციალურ მედია მონიტორინგს და დეზინფორმაციაზე ოპერატიული
    რეაგირების მექანიზმს.

ქვეყნის მზაობა კოვიდ 19-ის ვაქცინაციის გეგმის დანერგვისთვის

თამარ გაბუნიას პრეზენტაციის მიხედვით:

  • მომზადებულია ვაქცინის დანერგვის დეტალური გეგმა შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით;
  • ქვეყანა რეგისტრირებულია კოვაქსის პლატფორმაზე და გადახდილი აქვს პირველი შენატანი 1.4 მილიონ დოზის მისაღებად მოსახლეობის 20%-ისთვის;
  • ქვეყანას აქვს გამართული რუტინული იმუნიზაციის სისტემა შესაბამისი ცივი ჯაჭვით;
  • იმუნიზაციის პროგრამა არის სახელმწიფო პრიორიტეტი: ბოლო 8 წელიწადში იმუნიზაციის ბიუჯეტი ქვეყანაში გაიზარდა დაახლოებით 6-ჯერ და გეგმური ვაქცინაციისთვის ქვეყანა ყიდულობს მხოლოდ ჯანმო-ის პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს;
  • ბოლო წლებში ქვეყანაში დანერგილია 4 ახალი ვაქცინა ძირითადად გავის დახმარებით და შესაბამისად, რამდენიმეჯერ გადამზადებულია იმუნიზაციის პროგრამისპროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებები და ადამიანური რესურსი;
  • ჩამოყალიბებულია პარტნიორობა იმუნიზაციის პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან (WHO, UNICEF, GAVI, COVAX, WB, USAID, ADB და სხვა.).