თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელზეც ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისა და დაზარალებული თამთა თოდაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა.
პროცესზე დაიკითხა მოწმე, ნინო კვარაცხელია, რომელმაც განაცხადა, რომ ილია ჯიშკარიანის ოჯახთან 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებს.
მისი თქმით, ის იყო ჯიშკარიანის ბიუროს თანამშრომელი, ხელმძღვანელი, თუმცა ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ ბიუროში აღარ მუშაობს.
პროცესის განმავლობაში როგორც მოწმე, ასევე დეპუტატ ჯიშკარიანის ადვოკატები ცდილობდნენ, დაზარალებული თამთა თოდაძის დისკრედიტაციას.
მოწმე ნინო კვარაცხელია ჰყვება, რომ 30 სექტემბერს დაურეკა ილია ჯიშკარიანმა და ბიუროში მისვლა სთხოვა, სადაც დახვდა ჯიშკარიანი და მისი მეუღლე. მისი თქმით, ჯიშკარიანი იყო აღელვებული და აღშფოთებული თამთა თოდაძის ქცევის გამო.
მოწმის თქმით, დეპუტატი მოუყვა თანამშრომლებს, რომ თამთას ზედმეტი მოუვიდა დალევა. თოდაძემ დაიწყო საუბარი სამსახურზე, მაღალანაზღაურებად ხელფასზე, უხეშად ესაუბრებოდა იმაზე, რომ საკმარისად არ ეხმარება მას [ილია ჯოშკარიანი]. დავის საგანი იყო ისიც, რომ განხილვის პროცესში იყო საუბარი, თამთა თოდაძის ხელშეკრულება გაგრძელდებოდა თუ არა.
მოწმე ჰყვება თამთა თოდაძისა და ილია ჯიშკარიანის ადრინდელ შელაპარაკებაზეც, აგვისტოში. რა დროსაც, მოწმის მონაყოლით, თოდაძე უხეშად ელაპარაკებოდა ჯიშკარიანს, საყვედურობდა, რომ მან საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა, მის უფრო მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად.
მოწმის თქმით, ამ ფაქტის მერე, ჯიშკარიანი და თოდაძე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, თუმცა რამდენიმე კვირაში შერიგდნენ.
მისივე თქმით, ბიუროში შეხვედრაზე ჯიშკარიანი მოუყვა თანამშრომლებს, რომ თოდაძემ კამათისას მაგიდიდან გადმოყარა პრინტერი, კომპიუტერი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჯიშკარიანს, შემდეგ კი გაიქცა.
პროკურორმა ჰკითხა მას, რა გააკეთეს, როდესაც ნახეს, რომ საკრებულოს ქონება დაზიანებული იყო. მან უპასუხა, რომ არაფერი, რადგან იმედი ჰქონდათ, თამთა გააცნობიერებდა, რაც ჩაიდინა და ერთობლივად აანაზღაურებდნენ დანაკლისს.
მოწმის თქმით, თამთა „ჯანმრთელად არ არის”, მისი ცნობა აქვს ნანახი და ესეც გაითვალისწინეს.
რა დამოკიდებულება გაქვთ, ოფისში ალოკოჰოლის მოხმარებაზე? – პროკურორის შეკითხვას მოწმე პასუხობს, რომ უარყოფითი. თუმცა ოფისში ალკოჰოლური სასმელები დევს და ზოგჯერ სტუმრებს უმასპინძლდებიან ან ერთმანეთის დაბადების დღეებს აღნიშნავენ.
ამის შემდეგ მოწმეს შეკითხვები ჯიშჯარიანის ადვოკატებმა დაუსვეს.
მარიამ კუბლაშვილმა ჰკითხა და მოწმემაც გაიმეორა ადვოკატის ადრე ნათქვამი, რომ თავად დეპუტატი იმიტომ იღებდა ალკოჰოლს, რომ ექიმმა ურჩია, სისხლძარღვების გასაფართოებლად.
მათ ასევე აინტერესებდათ, არის თუ არა თამთა თოდაძე ალკოჰოლის მოყვარული. მოწმე მაგალითისთვის ყვება ერთ-ერთ სუფრაზე, სადაც თამთამ ჭარბად მიიღო სასმელი და იქცეოდა აგრესიულად, „განსაკუთრებით ასაკით უფროს მამაკაცებს აგდებდა უხერხულ მდგომარეობაში“. მოწმე ამბობს, რომ თამთა ხშირად იქცეოდა იმგვარად მიუღებლად, რომ მოყოლაც კი უჭირს.
მოწმე ხშირად იმეორებს, კარგი სამსახურის თხოვნით თოდაძე ხშირად აწუხებდა არა მხოლოდ ჯიშკარიანს, არამედ სხვებსაც.
„თუ ახასიათებს უკონტროლო მოქმედებები”? „არის თუ არა აფექტური”? „უწევდა თუ არა ხშირად ბოდიშების მოხდა?“ „გინახავთ თუ არა რომ ის უმიზეზოდ ტიროდა ხოლმე”? „საერთო ჯამში, იყო კონფლიქტური?”, „იყო ზედმეტად ამბიციური?“ – ეს ადვოკატ კუბლაშვილის შეკითხვებია. რაზეც მოწმისგან დადებით პასუხებს იღებდა.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მხოლოდ აღნიშნული მოწმე დაიკითხა. მომდევნო პროცესი 5 თებერვალს ჩაინიშნა.
თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს.
პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).
ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.