რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც 3 000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

ლადო აბსანძე გუშინ, 31 მარტს პოლიციამ 3 000 ლარით დააჯარიმა. როგორც აბსანძე ამბობს, შვილთან ერთად სასურსათო მაღაზიაში იყო გასული, მაღაზიის შესასვლელთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იმ მიზეზით, რომ ერთმანეთს შორის დისტანციას არ იცავდნენ.

ის დღეს Facebook-ზე მომხდარს გამოეხმაურა და წერს, რომ მოითხოვს სიმართლის გარკვევას, ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას.

„ვწუხვარ, რომ 30 მარტს ჩემ მიმართ პოლიციის რამდენიმე მუშაკის მიერ დაწყებული უპასუხისმგებლო და კანონგარეშე ქმედება ახლაც გრძელდება და დღეს უკვე ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან ადგილი აქვს ტყუილის ტირაჟირებას, თითქოს მე, 3000 ლარიანი ჯარიმის გამოწერამდე მიმითითეს დარღვევის შესახებ და არ დავემორჩილე სამართალდამცავთა კანონიერ მოთხოვნას. ცხადია, მიჩნდება შეკითხვა, თუ არ დავემორჩილე პოლიციელებს, რატომ დავჯარიმდი მხოლოდ ამ მუხლით და რატომ არ იქნა გამოყენებული უფრო მკაცრი სანქციაც.
მინდა, გითხრათ სიმართლე, რომ ეს არის აბსურდი და ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ 3 მუნდირის მქონე პირის არასწორი ქმედების გამო პოლიცია ცრუობს!

სინამდვილეში არავითარ გაფრთხილებას არ ჰქონია ადგილი, მოვიდნენ, მიმითითეს, რომ გავყოლოდი. გავყევი, ჩამსვეს მანქანაში და მითხრეს, რომ დისტანციის დარღვევის გამო დაჯარიმებული ვარ 3000-ლარიანი ჯარიმით. მე მათ ავუხსენი დარღვევის გამომრიცხავი გარემოებები, რომ მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია სივრცეში ვიმყოფებოდი შვილთან ერთად, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემსავე სახლში და ახლა ერთი ავტომობილით ერთად ვიყავით ქალაქში სურსათისთვის გამოსული.

მინდა დამტკიცდეს ჩემი სიმართლე! მოვითხოვ, გაიხსნას მაღაზიასთან არსებული ვიდეოკამერები, გამოკითხულ იქნან თვითმხილველები და პოლიციამ შეწყვიტოს ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება.

მე არ ვიბრძვი მხოლოდ 3000 ლარის ოდენობის ხარჯისგან თავის არიდებისთვის, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, რომელიც არ ვცნობ დარღვევის ოქმს და ვგმობ ამ თავხედობას, ტყუილს. ახლა მხოლოდ იმისთვის ვიბრძვი, რომ უსაფუძვლოდ არ დაჯარიმდეს ის თანამოქალაქეებიც, რომლებსაც 3000 ლარი წლიური ბიუჯეტის სახით არ გააჩნიათ ან თუ გააჩნიათ უკანონო ჯარიმების გადასახდელად ნამდვილად არა!

მე არ გადავიხდი ამ ჯარიმას, მე ვიბრძოლებ ბოლომდე და აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს.

ახლა კი, მინდა საჯაროდ მივმართო შს მინისტრს და ბატონ გომელაურს ვთხოვო პირად კონტროლზე ამ საკითხის აყვანა. როცა საქმე დასრულდება, მე მზად ვარ მინისტრის რეკომენდაციით 3000 ლარი პრემიის სახით გადავცე ნებისმიერ ღირსეულ პოლიციელს, ვინც ახლა დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სადარაჯოზე, ოღონდ მე ამ 3000 ლარს არ გადავიხდი ჯარიმის სახით, არ ვცნობ დარღვევას და ვცდილობ ვამხილო მუნდირის მქონე სამი პირის თავხედობა.

მადლობას ვუხდი ქართულ მასმედიას, პრესას და საზოგადოებას!

ბატონო მინისტრო, ჩვენ გვჭირდება პოლიცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანთა უსაფრთხოების, უფლებების და ღირსების დაცვაზე და არ გვეყოლება მუნდირის მქონე პირები, რომლებიც ჯერ სჩადიან უკანონობას და ამის შემდეგ ამ უკანონობის გასათეთრებლად მიმართავენ ტყუილს და ღირსების შემლახავ გზას”, – ლადო აბსანძე facebook-ზე.