რას ჰყვება საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა

პუბლიკა

„ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში მამაკაცი ადასტურებს, რომ საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია და ბოლოს საპატრიარქოში 2 დღის წინ იმყოფებოდა. გარდა საპატრიარქოსი, ის ასევე იყო სოფელ ხოვლეში. მამაკაცი ამბობს, რომ არ იცის, დაინფიცირების წყარო.

„არ ვიცი ნამდვილად. ეგ არ ვიცი. გარკვეული არ მაქვს. საპატრიარქოში უფრო არა, იმიტომ, რომ იქ დაცულები ვართ. სიცხეს ვუზომავთ, თუ ვინმე შედის. იქაც კარანტინია, ისე არ შედის, ზოგადად, ხალხი… არ გვაქვს ხალხთან ურთიერთობა, საპატრიარქოს უფრო გამოვრიცხავ. ალბათ, რაიონია ან მაღაზია, აფთიაქი… სადაც ვმოძრაობ სხვაგან“, – აცხადებს ის.

მამაკაცი ამბობს, რომ მისი კონტაქტების წრე დიდია, თუმცა მათ შორის სასულიერო პირები არ არიან.

„გრაფიკი ისეთი გვაქვს, რომ არ გვიწევს ხშირად სამსახურში ორი კვირის განმავლობაში ორჯერ ვიყავი და ისიც არ მომწევია მათთან კონტაქტი“, – აცხადებს ის.

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. „პუბლიკა“ ცდილობს მასთან დეტალების გარკვევას და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„პუბლიკას“ დაცვის თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, რომლის მოვალეობაშიც შედის საპატრიარქოს დაცვა. უწყების განმარტებით, ინფიცირებული თანამშრომელი საპატრიარქოს შენობას იცავს და სასულიერო პირებთან შეხება არ ჰქონია. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება.