რას ჰყვება სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი | გოგი წულაიას საქმე

პუბლიკა

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, ჩაწერეს ქალი, რომელიც, სავარაუდოდ გოგი წულაიას მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„კურიერის“ ჟურნალისტის ცნობით, ქალი ყვება, რომ ძალადობის განხორციელების მომენტში გოგი წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ჟურნალისტის ცნობით, ქალმა მოახერხა გაქცევა, დატოვა ნაქირავები ბინა და თავად დაუკავშირდა პოლიციას.

„კურიერის“ ცნობით, ქალი და გოგი წულაია მეგობრები არიან და  ქალს წულაიამ სთხოვა თბილისში გამოჰყოლოდა, რადგან ის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებაში მონაწილეობას აპირებდა.

„წლების მეგობრები ვართ და მეტი თუ არაფერი, მამის ტოლა კაცია ჩემთან შედარებით. არც მიფიქრია რამე ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდევაც და გადმოვიდა ძალადობაზე და… მერე თავს ვუშველე, აბსოლუტურად დალურჯებული მაქვს ხელები , ყელი, წელი, ყველაფერი… სადაც მოახერხა დაწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რადგან ასეთი თავხედური, სადაც მე გამიბედა ამდენი, დარწმუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართ ექნებოდა სხვა მსგავსი სექსუალური ძალადობა. არავინ არ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო, არც ერთ მოძალადე მამაკაცს არ ვაპატიებ არაფერს“, – უყვება ქალი „კურიერს“.

„პუბლიკისთვის“ ცნობილია ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის ვინაობა და ცდილობს მასთან დაკავშირებას.

„ფორმულასთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგა შუშანი ამბობს, რომ წულაიას დაკავება დაემთხვა მის პერფორმანსს ბერა ივანიშვილის გინებასთან დაკავშირებით.

„არ გამოვრიცხავ, რომ გოგი წულაია იყოს პროვოკაციის მსხვერპლი და უბრალოდ ივანიშვილმა ის დასაჯა. მოვუწოდებ შსს-ს, გამოაქვეყნოს ყველა მასალა, თუ რა მოხდა“, – ამბობს ის.

გოგი წულაიას ადვოკატი ჯერ არ ჰყავს. პროკურატურას მისთვის ბრალდება ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, შესაბამისად არ მიუმართავს სასამართლოსთვის და ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება წულაიას სასამართლო პროცესი.

პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით დღეს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა.