რას ჰყვება უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე

პუბლიკა

უკრაინელი ჟურნალისტი, ალექსეი ბობრონიკოვი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების – გია ბერიაშვილისა და დათო რატიანის შესახებ Facebook-პოსტს აქვეყნებს და ირპენში განვითარებულ მოვლენებზე ჰყვება.

„ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი გუშინ დაიღუპნენ ირპენისთვის ბრძოლაში, ჩვენი ოცეულის სადაზვერვო ბრძოლაში. ბეროს ცხედარი ცეცხლის ქვეშ გადმოვასვენეთ. ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა.

დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან გადამარჩინა სიკვდილს. სიკვდილამდე რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა, ტყვიამფრქვევიდან ისროდა. იცხოვრა გმირულად და გმირულად დაიღუპა: ფეხში დაჭრილ ფრანგ ჯარისკაცს პუნქტამდე მისვლაში დაეხმარა. აფეთქების შედეგად დათო ადგილზე დაიღუპა. დათო იყო ძლიერი, მშვიდი, თავმდაბალი, მოწესრიგებული და კეთილი.

დათო რატიანი აფხაზეთში მცხოვრები მესტიელი სვანი იყო და აფხაზეთის ომში კიდევ ერთი სამშობლო დაკარგა.

ალბათ, დათოზე მეტს დავწერ, კაცზე, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა რამდენიმეთვიანი ნაცნობობის პერიოდში, ერთობლივი გასვლებისას ფრონტზე – მშობლიური სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დემარკაციის ხაზიდან ჩემს მშობლიურ კიევამდე.

რატიანი…

ამ დღიდან  ყოველ წუთს შენი ხმის გაგონება მინდა: „ალექს,  გაწმინდე ავტომატი?“, „ალექს, წერენ, რომ სროლისას 7 შვილის დედა მოკლეს, წაიკითხე?“, „ალექს, არის რამე სიახლე? როდის გავდივართ?“

დათო  ბოლოჯერ საბრძოლველად გუშინ, დილის 5 საათზე გავიდა. ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით“, – წერს ალექსეი ბობრონიკოვი.

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, ქართველ და უკრაინელ სამხედროებს ტყიდან დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდათ, როდესაც ნაღმი აფეთქდა და დათო რატიანი სასიკვდილოდ დაიჭრა, ხოლო დაჭრილმა მეომარმა, რომელიც რატიანს მიჰყავდა, ტვინის შერყევა მიიღო.

„დათო, მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავი. მადლობა, რომ იყავი“, – წერს ალექსეი ბობრონიკოვი.