რას ჰყვება ვახო სანაია თავდასხმის შესახებ - ჟურნალისტის პირველი კომენტარი

პუბლიკა

დღეს შსს-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, თბილისში.

ვახო სანაიამ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამები იყვნენ. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.

მისი თქმით, მას აქვს დაზიანებები თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას.

მისივე თქმით, თავდამსხმელები „კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს აგინებდნენ გამორჩეულად.“

„წუხელ პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, შვილი, ძიძა და ჩვენი ოჯახის ორი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან. აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი. აეროპორტიდან წამოვედით წყნეთის ქუჩაზე, ვაკეში. ამ დროს ჩვენ მანქანა ვერ გავიყვანეთ ქუჩაზე იმიტომ, რომ მოყინული იყო და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური. ამასობაში იქვე უბანში გამოჩნდა 3 ადამიანი, სავარაუდოდ, იმ უბნელები იყნენ. ერთ-ერთი ეცნო ჩემს მეუღლეს, რადგან მისი ყოფილი მეზობელი იყო. ერთ-ერთი მათგანი ცდილობდა ჩემს პროვოცირებას. ვუთხარი, რომ არ მეცალა, რადგან სამაშველოს ჰყავდა ჩაბმული ჩვენი მანქანა და უკანა სვლით აჰყავდა ზემოთ, რომ ავეყვანეთ ცენტრალურ გზაზე.

ერთ-ერთი პროვოცირებას ცდილობდა. გამომყვა, როცა ვეხმარებოდით მაშველებს. მიწვევდა. ვუთხარი, რომ თავი დაენებებინა. ნასვამი იყო სამივე. ალკოჰოლის სული ვიგრძენით ყველამ. შემდეგ ჩამოიხსნა შარფი და ქუდიც გადაიხადა და მითხრა – კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა. მე ვუთხარი, რომ საერთოდ ვერ გხედავ აქ, ვაწვები მანქანას და თავი დამანებე. შემდეგ მოშორებით გადაინაცვლა და დაიწყო გინება. ამის შემდეგ შემოუარა ავტომანქანას უკნიდან. ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ სირბილით მიახლოვდებოდა. მუშტებმოღერებული უნდა დამსხმოდა თავს და ინსტინქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა. მოყინული იყო. მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. წაქცეული როცა ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება. ამ დროს ჩემი მეუღლე და რძალი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან. ჩემს რძალსაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს, ქალს.

ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ ჰქონდათ აგრესია. ტელევიზიებს აგინებდნენ. მე, რა თქმა უნდა, მიცნეს. როცა მიცნეს, ამის შემდეგ დაიწყეს გინება ჩემი მისამართით. ტელევიზიებს აგინებდნენ – ტვ პირველს, ჩვენს ტელევიზიას.

ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მისამართით. ფიზიკური სახით გადმოვიდა ეს აგრესია ჩვენს ოჯახზე, როცა მანქანის კარი ღია იყო და ქალსაც კი ხელი დაარტყეს. ბავშვი ეჭირა ხელში ძიძას, ისტერიულად ტიროდა და მაინც არ ჩერდებოდნენ.“ – განაცხადა ვახო სანაიამ ტვ „ფორმულასთან“