რას მოითხოვს პირი, რომელიც მიკროსაფინანსოში შეიჭრა

პუბლიკა

სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა ვრცელდება. ვიდეომიმართვის მიხედვით, თავდამსხმელი სამ მოთხოვნას ასახელებს.

ვიდეომიმართვაში ის მოითხოვს, რომ პარლამენტში შეიკრიბონ დეპუტატები და მიიღონ სამი კანონი.

„აიკრძალოს ყველა აკრძალული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება, რომ წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებს ის.


შენობაში იმყოფება 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით, ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.