რას ითვალისწინებს „გირჩის" ინიციატივა კანაფზე | კანონპროექტი

პუბლიკა

„გირჩის“ დეპუტატები იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი კანაფის პროდუქტების ფლობა-გასაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას მოითხოვენ და ამისთვის შესაბამისი კანონპროექტიც მოამზადეს.

უფრო კონკრეტულად – საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება კანაფს, კანაფის ექსტრაქტსა და ნაყენს, კანაფის ზეთსა და ფისს, ასევე, მარიხუანას.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სსკ -ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდება კანაფზე, კანაფის ექსტრაქტსა და ნაყენზე, კანაფის ზეთსა და ფისზე. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას, როდესაც ნარკოტიკული საშუალება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მცირე ოდენობაზე მეტია.

ასევე, მათივე ინიციატივის მიხედვით, უნდა გაუქმდეს სსკ-ის 273​ პრიმა მუხლი, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანის შეძენა-შენახვას და გასაღებას ითვალისწინებს.

მკითხველისთვის განვმარტავთ, რომ მცენარე კანაფის (10 გრ) ან მარიხუანის ( 5 გამომშრალი, 10 ნედლი) მცირე  ოდენობით ფლობა ადმინისტრაციულ ჯარიმას იწვევს, ასევე ჯარიმდება მოხმარებაც (გარდა სახლისა). მცირეზე მეტი ოდენობით ფლობის შემთხვევაში კი პირს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსით ეკისრება – სასჯელის სახეები [ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების აღკვეთა] განსხვავდება ოდენობისა და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით. „გირჩის“ კანონპროექტის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არ ეხება და ის მოქმედი რჩება.

როგორ ასაბუთებს „გირჩი“ საკუთარ ინიციატივას

როგორც დეპუტატები აცხადებენ, კანაფის ჯგუფის ნივთიერებებზე ყველანაირი სისხლისამართლებრივი სასჯელის გაუქმების რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელიც გამომდინარეობს როგორც საერთაშორისო პრაქტიკით ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან. გთავაზობთ ამონარიდებს განმარტებითი ბარათიდან:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობის ლეგიტიმურ მიზნებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს.

ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს. სასამართლოზე არსებითი განხილვისას არაერთი ექსპერტი არის დაკითხული, მათ შორის ისეთი ექსპერტები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმებოდნენ დეკრიმინალიზაციას, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ აღწერა კანაფის მოხმარებით გამოწვეული საფრთხე, თუმცა ამავე დროს, ექსპერტმა დ. ანდღულაძემ აღნიშნა, რომ მარიხუანა, სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით, არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას. ამასთან, მიუხედავად მისი უარყოფითი გავლენისა ფსიქიკაზე, ასეთი ზემოქმედება არის სხვა ე.წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების უმრავლესობასთან შედარებით გაცილებით უფრო მსუბუქი. მარიხუანა ასევე შედარებადია ლეგალურად დაშვებული ნივთიერებების (სიგარეტი, ალკოჰოლი) მოხმარებით გამოწვეულ საფრთხესთან.

ამავე ექსპერტის განმარტებით, ალკოჰოლის მავნედ მოხმარების შემთხვევაში არანაკლები ფსიქო-ფიზიკური და სამართლებრივი სირთულეები იქმნება. მარიხუანა, კანაფი, კანაფის ფისი, კანაფის ზეთი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი ერთი და იმავე ჯგუფის ნივთიერებებს წარმოადგენენ და მათზეც იგივე ლოგიკა ვრცელდება, რაც ექსპერტმა მარიხუანის და ალკოჰოლის ერთმანეთთან პარალელით გაავრცელა და როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს.

მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას…

ყურადსაღებია არგუმენტი, რომ დიდი ოდენობით კანაფის ჯგუფის ნივთიერებების გავრცელება, სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების მომეტებულ რისკებს შეიცავს, ამიტომ, მისი გავრცელება შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი, მათ შორის, იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, როგორც ეს კონვენციით არის გათვალისწინებული. კანონპროექტში წარმოდგენილი სისხლის სამართლის XXXIII თავში მოცემული მუხლები ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ლეგიტიმურობის შეფასებისთვის არსებით კრიტერიუმს – ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას, ძირითადად მისი ბლანკეტურობის გამო…

ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება. შედეგად,  ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი.  მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.