რას ითვალისწინებს მედიის რეგულირების „ბრიტანული მოდელი“ – „ოცნებამ“ კანონპროექტი დააინიციირა

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში დააინიციირა ცვლილებები, რომელიც, განმარტებითი ბარათის მიხედვით, „მედიამომსახურების სფეროში ხარისხიანი და ობიექტური მაუწყებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევისთვის“ შემუშავდა და ითვალისწინებს „ბრიტანული მოდელის“ საქართველოში დამკვიდრებას.

კანონპროექტის მიხედვით, მუხლი, რომელიც განსაზღვრავს „ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას“ ყალიბდება შემდეგნაირად:

1. მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად.

2. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.

3. მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომების შესწორება უნდა მოხდეს ღიად და დაუყოვნებლივ, თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით სათანადო საეთერო დროს, მას შემდეგ, რაც მაუწყებლისათვის ცნობილი გახდება შეცდომის შესახებ.

4. სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებისას მაუწყებელმა უნდა მიუთითოს ინფორმაციის წყარო.

5. დაუშვებელია ახალ ამბების გადაცემისას დადგმებისა და ინსცენირების გამოყენება. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ან სხვა სახის გადაცემაში დადგმის ან ინსცენირების გამოყენებისას ნათლად უნდა განიმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული.

6. მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ.

7. დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები (მათ შორის, რეპუტაცია და სახელი) შესაძლოა შეილახოს მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს საჩივრის შეტანის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით.

8. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანის (გადაცემის) შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე.

10. პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.“.

მაუწყებლობის კანონის მუხლი, რომელიც განსაზღვრავს „სამართლიანობას და მიუკერძოებლობას“, ყალიბდება შემდეგნაირად:

1. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.

2. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და კომენტარის მკაფიო გამიჯვნა.

3. დაუშვებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით.

4. ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა თითოეულ პროგრამაში ან პროგრამების ციკლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფორმატიდან გამომდინარე, ბალანსის დაცვა დაგეგმილია პროგრამების ციკლის განმავლობაში, ამის შესახებ აუდიტორიას უნდა ეცნობოს პროგრამის დაწყების პირველივე დღეს.

5. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.

6. საავტორო პროგრამის გადაცემისას, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.

7. მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით მოეპყროს პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს.

8. პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.

9. პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში.

10. პირდაპირ ეთერში შემოსული ზარები უნდა იქნეს შერჩეული სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაუშვებელია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოხატვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება.“.

კანონს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“.

ამ მუხლის მიხედვით:

1. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

2. მაუწყებლის მიერ ადამიანის პირად ცხოვრებაში ან/და იურიდიული პირის საქმიანობაში ჩარევა შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიზნად ისახავს საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას, არის ამ მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.

3. საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას აუცილებელია შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო იმ პირისგან, რომელიც შემთხვევით მოხვდა ჩაწერილ მასალაში ან თუ მისი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

4. სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირის, ასევე ადგილზე მყოფი იმ პირებისაგან, რომელთა გადაღება ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით. ნებართვის აღება არ არის სავალდებულო, თუ ჩაწერილ მასალაში პირის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება შეუძლებელია.

5. ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის ან/და სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.

6. საჯარო ადგილებში მაუწყებელს შეუძლია წინასწარი გაფრთხილების გარეშე აიღოს ინტერვიუ, გადაიღოს ან/და ჩაწეროს ადამიანები საინფორმაციო პროგრამებისათვის.

7. ეთერში გადაცემამდე მაუწყებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილას გადაღებული კადრი, სიტყვა ან ქმედება არ არის პირადი ცხოვრების ისეთი ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის წინასწარ თანხმობას.

8. მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ან პირადი ტრაგედიის მქონე პირები, მათ შორის არც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოპოვებული მასალა, თუკი ეს იწვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სათანადო პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამის გადაღება და მასალის გავრცელება დასაშვებია ოჯახის წევრის თანხმობით.

9. დაუშვებელია, უბედურების ქვეშ მყოფი ადამიანის იძულება მონაწილეობა მიიღოს გადაცემაში თუკი ეს სხვაგვარად არ არის გამართლებული.

10. დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

11. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა მის მიერ საკუთარი ან სხვისგან მოპოვებული მასალის თავდაპირველისგან განსხვავებული მიზნით ან სხვა პროგრამაში გამოყენებამ არ გამოიწვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გაუმართლებელი ხელყოფა.“.

ასევე კანონში ჩნდება ჩანაწერი მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების/გაცემის შესახებ.

მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა გამართლებულია შემდეგ შემთხვევებში:

ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და, ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;

) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულებისა თუ შეხედულების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია;

) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, იგი არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, დაძაბულობას ან უხერხულობას. გასართობ და კომედიურ პროგრამებში ფარული მეთოდებით მოპოვებული მასალა ჩაწერილი პირის/პირების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. თანხმობა არ არის საჭირო, თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში აღბეჭდილი პირის/პირების იდენტიფიცირება.

დ) კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაუწყებლის მიერ ფარული ჩაწერა უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის, საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.

ე) ფარული მეთოდებით მასალის გადაღება ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია

ვ) ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია.

ზ) მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის.

თ) დაუშვებელია ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას (ეს წესი არ მოქმედებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას).“.

კანონპროექტი განსაზღვრავს შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებასაც.

1. მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევა ან/და საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.

2. მაუწყებელმა უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გახდეს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გატაცებული, მძევლად აყვანილი, ალყაში მყოფი პირის სიცოცხლეს ან ამ პირის გათავისუფლებისკენ მიმართულს.“.

პროექტი ასევე არეგულირებს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანის დაცვის ცალკეულ საკითხებს, კერძოდ:

1.მაუწყებელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს 18 წლამდე ასაკის პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

2. 18 წლამდე ასაკის პირის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობა. თანხმობის მიუხედავად, 18 წლამდე ასაკის პირებს არ მოეთხოვებათ ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოხატვა, რომელზეც სათანადო პასუხის გაცემა მათ ფიზიკურ ან გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება.

3. 18 წლამდე ასაკის პირის პროგრამაში მონაწილეობისთვის თანხმობა აუცილებელი არ არის თუ პირის პროგრამაში მონაწილეობა უმნიშვნელოა, ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.“

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება მოთხოვნილი არ არის.