რას ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება – კობახიძე კანონპროექტის შესახებ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტუტუციურ ქმედებაზე რაეაგირებისათვის, ბუნებრივია 2 000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი საარჩევნო კადექსი საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება  იქონიოს. შესაბამისად, კანონპროექტი კონსტიტუციური მოთხოვნის გამოსწორებას ისახავს მიზნად.

აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციის მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს პარტიის აკრძალვას, რისი უფლებაც აქვს მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მისივე თქმით, აქ საქმე ეხება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც ამოქმედდება შემდეგი არჩევნებიდან, ანუ პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

„კონსტიტუციით არის დაწესებული 4 საარჩევნო ცენზი. ერთი ეს არის მოქალაქეობის ცენზი, მეორე – ნასამართლობის. ასევე, დაწესებულია ასაკობრივი ცენზი და ასევე, როგორც უწოდებდნენ, ქმედუნარიანობის ცენზი, რასაც ახლა განსხვავებული დასახელება აქვს, თუ საარჩევნო აგიტაციაში 2 თვის განმავლობაში პირი, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, ამ შემთხვევაში შესაბამის სუბიექტს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია, ანუ არ არის საუბარი პარტიის აკრძალვაზე. არჩევნებში სუბიექტი ვერ მიიღებს მონაწილეობას“. – განაცხადა კობახიძემ.