„ქართული ოცნებისა“ და პარლამენტში მომუშავე ოპოზიციის ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შემუშავდა საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი, რომელიც შესაფასებლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.
საარჩევნო რეფორმის პროექტის საკომიტეტო განხილვა საქართველოს პარლამენტში დღეიდან იწყება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება.
ხელისუფლებისა და მათი ოპონენტების თქმით, კანონპროექტი მეტ-ნაკლებად კომპრომისულია და შესაბამისი შარლ მიშელის დოკუმენტის.
რა წერია კანონპროექტში
ცესკო დაკომპლექტდება 17 წევრისგან (მათ შორის თავმჯდომარე, მისი ორი მოადგილე და ცესკოს მდივანი). მათგან 7 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით აირჩევს პარლამენტი ხმების 2/3-ით, ხოლო 9 წევრი ინიშნება პარტიების მიერ.
ცესკოს თავმჯდომარეს 2 მოადგილე ეყოლება.
ერთი მოადგილე არჩეული უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრებიდან.
კანდიდატურების დასახელების უფლება კი კომისიის არანაკლებ ორ წევრს ექნება.
ცესკო-ს თავმჯდომარის კიდევ ერთი წევრი არჩეული იქნება ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას შეასრულებს. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ თუ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, მისი არჩევა წილისყრით მოხდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს.
იცვლება კანონის დღეს მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეს საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ ცესკოს წევრები, თუმცა თუ ვერ აირჩევენ, შემდეგ პროცესი პარლამენტში გადადის და საკანონმდებლო ორგანოს მიერ ხდება ცესკოს ხელმძღვანელის არჩევა.
მომზადებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ირჩევს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლით – ღია კონკურსის წესით. პროექტით განსაზღვრულია, რომ ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება, თუ იგი არჩეული იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში – ექვსი თვით.
იარსებებს ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი.
საკონსულტაციო ჯგუფი უნდა შედგებოდეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული ექსპერტებისგან.
პროექტით, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესისთვის. ამ ჯგუფს ცესკოს განკარგულებით შეიძლება მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესში ჩართვა.
საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა
ცესკო უფლებამოსილია, შექმნას საოლქო საარჩევნო კომისია – თითო ერთი მუნიციპალიტეტის საზღვრებში, 10 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში.
კომისიის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. 5 წევრს სრული შემადგენლობის 2/3-ით ირჩევს ცესკო. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები, ხოლო 3 წევრს სრული შემადგენლობის ორი მესამედით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საოლქო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან.
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული წევრებისგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.
აკრძალულია პარტიის, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.
უბნების შედეგების გადათვლა
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როცა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია სუბიექტების მიერ მიღებული ხმები, ამომრჩეველთა რაოდენობა ან/და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;
კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევის წესით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების კომისიებიდან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები. შემთხვევით შერჩევისას მხედველობაში არ მიიღება ის უბნები, სადაც განთავსებულია საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი.“
საარჩევნო აგიტაცია
საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს :
გარდა საჯარო მოსამსახურეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელოვნებო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა, აღმზრდელ- პედაგოგებისა, აღმზრდელებისა, მასწავლებლებისა, იქ დასაქმებული სხვა პირებისა, − სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს.“;
დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება.
დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია ასევე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.“.
წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა
წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; ამ მუხლს ემატება შემდეგი პუნქტ:
საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, იქ დასაქმებული სხვა პირების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით.“.
თბილისის საკრებულო 50 წევრით დაკომპლექტდება.
საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის გათვალისწინებით, დედაქალაქის საკრებულოში ათი წევრი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით. დედაქალაქში საარჩევნო ბარიერი 2.5 პროცენტი იქნება.
ელექტრონული საშუალებები არჩევნებში
- ცესკო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ორგანოთა მომდევნო არჩევნებში საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმის მიცემა, ხმის დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ელექტრონული საშუალებებით განახორციელოს.
- ცესკო უზრუნველყოფს ყველა უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტორნული რეგისტრატორით.
- ცესკო უზრუნველყოფს საარჩევნო ოლქების სულ მცირე იმდენ უბანში ელექტორნული მთვლელით ბიულეტენების დათვლას, რამდენიც საჭიროა ამ ოლქის სოციოლოგიურად ვალიდური შედეგების გამოსავლენად.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.“.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის“ კვოტა შესაძლოა, „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცეს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტიის სიით გასულმა პარლამენტის ყველა წევრმა, რომელიც ახორციელებს დეპუტატის უფლებამოსილებას, ამ კანონის ამოქმედებისას არსებული მდგომარეობით, დატოვა პარტია და ყველა ერთად გაწევრიანდა სხვა პარტიაში, მაშინ ცესკო-ს ერთი წევრის დანიშვნის უფლება გადადის ამ პარტიაზე.