პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მეგობართა კლუბები ევროპაში და აშშ-ში. მისი თქმით, განცხადებები ამგვარი მეგობართა კლუბებიდან მისთვის აბსოლუტურად უინტერესოა.
„ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, ევროპაში, აშშ-ში და მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები, ვგულისხმობ, ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ. ექსპერტებს.
მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოწირულობებიდან. შესაბამისად, ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი – არ არის საინტერესო ჩემთვის, მით უმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.