რას მოითხოვს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით

პუბლიკა

20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც პრეზიდენტი დავობს ხმის ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე და ამ საფუძვლით საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტი კონსტიტუციური სარჩელით ასაჩივრებს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არჩევნების საყოველთაობის, თანასწორი საარჩევნო უფლების პრინციპების დარღვევას, რადგან მიაჩნია, რომ ემიგრანტებს დაერღვათ ეს უფლებები. ასევე ასაჩივრებს ხმის ფარულობის დარღვევას.

ასევე სადავოდაა მიჩნეული ნორმა ელექტრონული საშუალებებით არჩევნების გამართვის შესახებ ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ წესებზე. სადავო ნორმაა ასევე ცესკოს და უსკოს შემაჯამებელი ოქმები და საარჩევნო კოდექსით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების ცესკოს მიერ რეგისტრაციაში გატარება (საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლი).

ეს ნორმები სადავოდაა მიჩნეული კონსტიტუციის მე-3 (დემოკრატია), 24-ე (საარჩევნო უფლება), 37-ე (პარლამენტის არჩევნები) მუხლებთან მიმართებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის მესამე მუხლთან მიმართებით.

დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები და საარჩევნო უფლების ძირითადი პრინციპები, რომლებიც დაირღვა 2024 წლის 26 ოქტომბერს

სარჩელის ამ ნაწილში პრეზიდენტი წერს, რომ კონსტიტუციის 37-ე მუხლის მეორე პუნქტში გათვალისწინებულია, რომ პარლამენტი აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული საარჩევნო პრინციპების საფუძველზე.

„არჩევნების ფარულობა, ანუ ფარული კენჭისყრის პრინციპი საარჩევნო პროცედურების სამართლიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების გამოვლენის სრულ თავისუფლებას. იგი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარანტიად ითვლება. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, დაცულია თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო გადაწყვეტილების კონფიდენციალურობა.

არჩევნების ფარულობის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ამომრჩეველისათვის უნდა იყოს ცნობილი მის მიერ გაკეთებული არჩევანის შინაარსი. არჩევნები უნდა ასახავდეს ამომრჩევლის რეალურ და არა იმის შიშის ქვეშ გამოხატულ პოზიციას, რომ შენი არჩევანი სხვებისათვის ცნობილი გახდება, რასაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ფარულობის პრინციპის დარღვევა ეჭვქვეშ აყენებს შესაბამისი არჩევნების, როგორც დემოკრატიული ლეგიტიმაციის ინსტრუმენტის, ხასიათს“, – აღნიშნულია სარჩელში.

არჩევნების საყოველთაობის პრინციპთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ამ პრინციპის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს, მათ შორის, სხვა სახელმწიფოებში მყოფ მოქალაქეს, აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როგორც ამომრჩეველმა (აქტიური საარჩევნო უფლება).

„არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევა თავისთავად გულისხმობს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვასაც. არჩევნებში ხალხი და არა სახელმწიფო გამოხატავს თავის ნებას, ხოლო მთელ საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული ზეწოლა და სახელმწიფოს მიერ უკანონოდ ჩარევა დაუშვებელია.

[…] რაც შეეხება თანასწორობის საარჩევნო პრინციპის დაცვას, იგი მოითხოვს საარჩევნო უფლების რეალიზებას თანაბარ პირობებში. ამ კონტექსტში, საარჩევნო უფლების რეალიზაციის კუთხით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები არ შეიძლება დაუსაბუთებელად არსებითად განსხვავებულ პირობებში აღმოჩნდნენ საქართველოში მყოფ მოქალაქეებთან შედარებით. გასაგებია, რომ მდგომარეობა იდენტური ვერ იქნება, მაგრამ განსხვავება არ უნდა იყოს იმ თვისეობრიობის და მასშტაბის, რაც მოქალაქეებს (თუნდაც ერთეულებს) ხელოვნურ, გადაულახავ დაბრკოლებებს შეუქნის და მით უფრო, გამოიწვევს უფლებით სარგებლობის შეუძლებლობას“, – აღნიშნულია სარჩელში.

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წინააღმდეგობა არჩევნების საყოველთაობისა და თანასწორობის პრინციპებთან

სარჩელის ამ ნაწილში პრეზიდენტი განიხილავს ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების მხოლოდ საქართველოს წარმომადგენლობებში გახსნის სამართლებრიობას და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან ნორმის იმგვარად განმარტება, რომ ცესკოს დისკრეციაა, თუ სად შექმნის საარჩევნო უბანს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, ეწინააღმდეგება საარჩევნო უფლებით სარგებლობის გარანტირებისთვის სახელმწიფოს პოზიტიურ კონსტიტუციურ ვალდებულებებს, შესაბამისად საფრთხეს უქმნის საარჩევნო უფლების რეალიზაციას, შედეგად სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიას.

„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა არჩევნებში მონაწილეობისათვის. ამომრჩევლის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინების გარეშე საარჩევნო უბნების შექმნა, წარმოადგენს არამართლზომიერ ჩარევას ამ უფლებაში. ამასთან, უფლებაში ჩარევა არათანაზომიერია, რადგან ამომრჩეველი იძულებულია დიდი მანძილი (რამდენიმე ასეული და ათასი კილომეტრი) გაიაროს, რაც შეუძლებელს გახდის საარჩევნო უფლების განხორციელებას, მაგ., თუ ალაბამაში მცხოვრებ ამომრჩეველს მოუწევს ნიუ-იორკში გახსნილ უბანზე მისვლა, ეს აშკარად პრაქტიკული დაბრკოლებაა იქნება მისთვის. ამდენად, საარჩევნო უბნების ადგილის განსაზღვრა სხვა სახელმწიფოებში უნდა ემყარებოდეს ამომრჩევლის ადგილსამყოფელს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აქტიური საარჩევნო უფლების რეალური და ეფექტიანი განხორციელება“, – წერია სარჩელში.

პრეზიდენტის შეფასებით, ცესკოს მოქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს. კონსტიტუციური ნორმები წარმოადგენენ დემოკრატიული სახელმწიფოს საძირკველს. მათი უგულებელყოფა კი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების რეალიზაციას, არამედ სამართლებრივი სისტემის მთლიანობასაც.

არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წინააღმდეგობა არჩევნების ფარულობის პრინციპთან

სარჩელის ამ ნაწილში პრეზიდენტი წერს, რომ  საარჩევნო კოდექსით, არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპებია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. ეს ნორმები არის „საარჩევნო პრინციპები, რომელთა უგულებელყოფა ავტომატურად იწვევს საარჩევნო უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას და ახდენს არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზეც. გამომდინარე აქედან, ყველა სამართლებრივი ნორმა, რომელიც უშვებს ამ პრინციპების უგულებელყოფას, უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად ცნობილი“, – წერია სარჩელში.

„თუ კი დარღვეულია კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, თავისთავად ცხადია, აღნიშნულს პირდაპირი გავლენა აქვს ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპზე, თუნდაც იმის გამო, რომ საარჩევნო პრინციპები მჭიდრო კორელაციაშია ერთმანეთთან და ფარულობის პრინციპის დაცვის მიზანს წარმოადგენს, მათ შორის ისიც, რომ კენჭისყრისა თუ საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ამომრჩეველმა მისი ნება პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენის გარეშე გამოავლინოს და ასახოს საარჩევნო ბიულეტენში. მიუხედავად ამისა, საერთო სასამართლოების განმარტება არსებითად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპების კონსტიტუციურ გაგებას“.

პრეზიდენტი წერს, რომ არჩევნებში ბიულეტენის ფორმას, საარჩევნო ყუთს, ჩარჩო-კონვერტის სახეს ადგენს ცესკო.

„ცესკოს ევალებოდა იმ ტექნიკური მონაცემების მქონე კენჭისყრისთვის აუცილებელი ატრიბუტების დამზადება, რომლითაც დაცული იქნებოდა ხმის მიცემის ფარულობა, თუმცა უდავო ფაქტია, რომ თითქმის ყველა ბიულეტენი, რომელიც იქნა გამოყენებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრის პროცედურისას, ტოვებდა სპეციალური მარკერის კვალს, რის გამოც ხილვადი ხდებოდა ამომრჩეველთა მიერ გამოვლენილი ნება. სულ მცირე ხილვადი ხდებოდა იმ თვალსაზრისით, ამომრჩეველმა ნება გამოავლინა მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ თუ რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ“, – აღნიშნულია სარჩელში.

პრეზიდენტი წერს, რომ ცესკომ იცოდა იმის შესახებ, რომ ბიულეტენებს ეტყობოდა მარკერის კვალი და განმარტა, რომ არჩევნების დღეს ეს ბიულეტენები შეიცვლებოდა უკეთესი ხარისხის ქაღალდით, თუმცა, ამის მიუხედავად, ფარულობის დარღვევა აღმოჩნდა მასშტაბური.

სარჩელის მიხედვით, ხმის ფარულობის დაცვას ვერ უზრუნველყოფდა ვერც ჩარჩო-კონვერტი.

„ეს გამოწვეული იყო ერთი მხრივ, ჩარჩო-კონვერტის ზომით, ხოლო მეორე მხრივ, იმით, რომ კომისიის წევრების მხრიდან გაცემული ბიულეტენის ჩარჩო-კონვერტში მოთავსების განმარტებული წესის დაცვის პირობებშიც კი ხმის მთვლელ აპარატში შეცურების მომენტში ბიულეტენის უკანა მხარე ნაწილ-ნაწილ ხილული ხდებოდა. ამასთანავე, საარჩევნო უბნების გახსნისთანავე, უბნებზე მასობრივად განთავსდა ვიდეოკამერები. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები რიგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს“, – აღნიშნულია სარჩელში.

„ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება. ეს გარანტია, მათ შორის, იცავს საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიც არის უფლების განხორციელების ინსტრუმენტული საშუალებები: ბიულეტენი და საარჩევნო ყუთი.

ფარულობის პრინციპის დარღვევა ასევე არღვევს ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას. (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი)“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

სარჩელის მიხედვით, კონსტიტუციის 24-ე მუხლი ადგენს საარჩევნო უფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებს და მოითხოვს, რომ შეიქმნას საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის საჭირო გარანტიები. საარჩევნო უფლება, თავისთავად, არ მოითხოვს რომელიმე კონკრეტული საარჩევნო მოდელის ჩამოყალიბებას.

„იმ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციით არ არის დადგენილი კონკრეტული საარჩევნო სისტემა ან მოდელი, მისი განსაზღვრა კანონმდებლის მიერ ხდება. ამ პროცესში კანონმდებელი მაღალი დისკრეციით სარგებლობს, თუმცა შერჩეულმა საარჩევნო მოდელმა უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ყოველმა მოქალაქემ თავისუფალი ნების გამოვლინების საფუძველზე მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

სარჩელი მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც ფარულობის დარღვევა არ გულისხმობს იმის გამჟღავნებას თუ ვის არ მისცა ხმა ამომრჩეველმა, ასევე ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კენჭისყრის ფარულობის დაცვაზე პასუხისმგებლობას აკისრებს თავად ამომრჩეველს და რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ავალდებულებს იმგვარად ჩატარდეს კენჭისყრის პროცედურა, რომ დაცული იყოს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი და ქმნის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესაძლებლობას საარჩევნო ბიულეტენის, ჩარჩო-კონვერტის და სპეციალური მარკერის ტექნიკური მონაცემების გაუთვალისწინებლობის გამო.

ცესკოს და უსკოს შემაჯამებელი ოქმების არაკონსტიტუციურად ცნობა

სარჩელის მიხედვით, გარდა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას, მანვე უნდა შეაფასოს ამ არაკონსტიტუციური ნორმების გავლენა რამდენად არსებითაც აისახა ჩატარებული არჩევნების შედეგებზე და რამდენად არსებითი გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგებზე.

„ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის მეორე ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს შემდეგი გარემოებები: 1) რამდენად შეეძლო გავლენის მოეხდინა არაკონსტიტუციურად ცნობილ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმას არჩევნების შედეგებზე. ამისათვის სასამართლომ უნდა შეაფასოს, აქვს თუ არა ამ ნორმას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის პოტენციალი; 2) როგორია არჩევნების მომწესრიგებელი არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის გავლენის ხარისხი და მასშტაბები არჩევნების შედეგებზე. არჩევნების შედეგების სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად და რა ნაწილში მოახდინა არაკონსტიტუციურმა ნორმამ გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

ამასთანავე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის სუბიექტური ეფექტი, რაც მარკერის კვალის გამოჩენას შეიძლება ჰქონოდა ამომრჩეველზე. პირველი, როდესაც სატესტო აღნიშვნას აკეთებდა და ამ აღნიშვნის კვალი იყო ხილვად, რაც აჩვენებდა, რომ იმ შემთხვევაში თუ პირი ოპოზიციურ სუბიექტს შემოხაზავდა, მისი არჩევანი იქნებოდა ადვილად მისახვედრი. ამიტომ, ამას შესაძლოა გავლენა ჰქონოდა მისი არჩევანის თავისუფლებაზე; მეორე, ამ პრობლემის თაობაზე კენჭისყრის დღესვე გახდა ცნობილი, რასაც ასევე ექნებოდა ნეგატიური, არჩევანის მაკორექტირებელი ეფექტი, იმ ამომრჩევლის ნაწილისათვის, რომელსაც ხმა იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიცემული (მაგალითად, არ წავიდოდა არჩევნებზე, ან სასურველ კანდიდატს არ შემოხაზავდა). ფარულობის კონტექსტში უნდა ითქვას, რომ ყველგან, სადაც ელექტრონული წესით ჩატარდა არჩევნები, ეს პრობლემა იყო თვისობრივად გამეორებული, ანუ ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების არეალში ფარულობა ყველგან დაირღვა. რაც გულისხმობს/მოითხოვს ამ სისტემით ჩატარებული შედეგების გაბათილებას“, – აღნიშნულია სარჩელში.