რას მოუყრიან თავს კულტურის კოდექსში - წულუკიანის განმარტება

პუბლიკა

პარლამენტში, კულტურის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა, რა მიმართულებით აპირებს მუშაობას საკანონმდებლო ორგანოსთან შეთანხმებით.

„ვისაუბრეთ საკანონმდებლო ხარვეზებზე, იქნება ეს საავტორო უფლებების ნაწილში, თუ სხვა, რომელიც ერთად უნდა გავასწოროთ. ვისაუბრეთ, როგორ უნდა შევძლოთ ის გაფანტული სამართლებრივი, მოძველებული ნორმები, ზოგი მუზეუმების კანონში, ზოგი კულტურის შესახებ კანონში ან კიდევ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში, განვაახლოთ ერთ დოკუმენტში, კულტურის კოდექსში მოვუყაროთ თავი და თანამედროვეობას ვუპასუხოთ თანამედროვე კანონმდებლობით, რის გარეშეც ძნელი იქნება, რომ 2024 წელს ჩვენ განაცხადი გავაკეთოთ წევრობაზე ევროკავშირში“, – განაცხადა მინისტრმა.

პარლამენტის ინფორმაციით, კულტურის კომიტეტთან სამუშაო შეხვედრზე კულტურის კოდექსის, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელების შექმნასა და სახელოვნებო განათლების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში იქნება კულტურის კომიტეტთან. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორებიცაა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელების შემუშავება, კულტურის კოდექსის შექმნა, სახელოვნებო განათლების რეფორმა, რომელიც აუცილებელია და მოითხოვს კანონმდებლობის გადახედვას. ეს იქნება ჩვენი კომიტეტისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო მომდევნო წლებში“, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.