პლატფორმა „სალამი” საქართველოს დამოუკიდებლობის დრესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს:
„ზუსტად 102 წლის წინ, 26 მაისს „იშვა“ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამ დღეს, საქართველო სხვა სუვერენულ სახელმწიფოებს შორის წარსდგა, როგორც დემოკრატიული, სამართლიანი და სოციალური სახელმწიფო, სადაც თანასწორობა და სოლიდარობა იყო, არა მხოლოდ ცარიელი სიტყვები, არამედ ქვეყნის შემდგომი განვითარების მთავარი ამოსავალი წერტილი.
1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს აერთიანებდა მოქალაქეობის, ჰუმანიზმის და თანასწორობის პრინციპებზე. აღსანიშნავია, რომ 1918 წლის 26 მაისის სულისკვეთება მხოლოდ ცენტრში მცხოვრები პოლიტიკური ელიტების ვიწრო წრით არ შემოიფარგლებოდა და ის მთელს ქვეყანაში იყო გაზიარებული, როგორც მონობისგან, ჩაგვრისგან და იმპერიის მარწუხებისგან განთავისუფლების დღე. თავისუფლების და დამოუკიდებლობის 1028 დღის განმავლობაში ჩვენი ერთიანობის და თანადგომის შედეგად, შევძელით შეგვექმნა კონსტიტუცია, რომელიც დღესაც კი მისაბაძი დოკუმენტია ბევრი ასპექტის გათვალისწინებით.
სალამ-ში გაერთიანებული ახალგაზრდები შევნატრით 26 მაისის და პირველი რესპუბლიკის ამ სულისკვეთებას და დღესაც ვმუშაობთ, რათა თავისუფლების ეს განცდა არასდროს შენელდეს. სალამ-ისთვის დღესაც ამოუხსნელ მოვლენად რჩება, თუ რა მექანიზმებით შეძლო საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მცირე დროის განმავლობაში ისეთი რეალობის შექმნა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გვეყოლებოდა ფერი ხანუმ სოფიევა, მსოფლიოში პირველი არჩეული მუსლიმი ქალი; სადაც საქართველოს პარლამენტში ბორჩალოს მუსლიმების წარმომადგენელი, ალი ჰეიდარ გარაევი ქართული ენის არცოდნის გამო საკუთარი სურვილით ღირსეულად საქართველოს პარლამენტში მონაწილეობის მიღებაზე უარს იტყოდა; სადაც ბორჩალოს მუსლიმები წერილით მიმართვდნენ საქართველოს მთავრობას და გამოაცხადებდნენ, რომ „დაე, დარწმუნებული იყოს დამფუძნებელი კრება და მთავრობა, რომ ბორჩალოს დემოკრატია მთელი თავისი ძალ-ღონით გვერდში ამოუდგება საქართველოს დემოკრატიას, რათა დაიცვას თავისუფლება და დამოუკიდებლობა საერთო მტრებისგან“.
სამწუხაროდ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ და ბოლშევიკებმა სცადეს ამ სულისკვეთების და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ჩახშობა. ხაზგასასმელია, რომ ოკუპანტებს შორის ერთი ეთნოსის ან მრწამსის ადამიანები არ ყოფილან, თუმცა, არც საქართველოს დამცველები იყვნენ მხოლოდ ერთი ეთნოსის ან მრწამსის წარმომადგენლები. სალამ-ის გადმოსახედიდან, ეს იყო ბრძოლა ეთნიკურ და რელიგიურ ხაზებს მიღმა, სადაც ერთ მხარეს თანასწორობის, სამართლიანობის და თავისუფლების დამცველები იბრძოდნენ, ხოლო მეორე მხარეს დომინაციის, ოკუპაციის და უზურპაციის მსურველები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მეორე მხარეს ჰქონდა სამხედრო და ფიზიკური უპირატესობა, მათ 26 მაისის სულისკვეთების და დამოუკიდებლობის იდეის ბოლომდე ჩახშობა ვერ მოახერხეს.
სალამ-ს მიაჩნია, რომ დღევანდელ დღეს 26 მაისის ზეიმი სწორედ, რომ თანასწორობის, სამართლიანობის და თავისუფლების სულისკვეთებით უნდა იყოს განსჭვალული, რომელიც რომელიმე კონკრეტული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის იდენტობის ზეიმამდე არ უნდა იქნას დაყვანილი.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს!” – ვკითხულობთ პლატფორმა „სალამის” მიერ გავრცელებულ წერილში.