რას ნიშნავს, „ახლა ჯერი ევროპაზეა?“ ევროპას აქვს ჩვენთან სათხოვარი? - უსუფაშვილი პრემიერის განცხადებაზე

პუბლიკა

„რას ნიშნავს „ჯერი ახლა ევროპაზეა“, ევროპას აქვს ჩვენთან რამე სათხოვარი, თქვენი ჭირიმე იქნებ დათანხმდეთ და შემოგვიერთდეთო?!“ – პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა.

უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების აროგანტობამ და ზემოდან ყურებამ ქვეყანას დიდი  ზიანი მიაყენა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ წევრობის კანდიდატი გახდეს.

„ჩვენ გვაქვს მოსაპოვებელი და სათხოვარი, რომ ევროკავშირო, დაგვინახეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ თქვენთან ერთად 28-ე წევრად გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ეს თუ ისინი უნდა შეგვეხვეწონ?!

„ოცნება“ ათას ტრიუკს მიმართავს რომ პრობლემებისგან თავი დაიძვრინოს. ქართველი ხალხის ემოციურ და პატრიოტულ გრძნობებზე აპელირებს, რა გვაქვს შესახვეწი, თუ არ ვჭირდებით, ნუ მიგვიღებენო. ამან დიდად დაგვწია უკან. წინა ხელისუფლების ლიდერებსაც ეგონათ, რომ გააოცებდნენ დემოკრატიით და სხვები უნდა შეგვხვეწოდნენ. საქმეს საქმიანად მივუდგეთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დღეს, 6 ივნისს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გზაზე საქართველო აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და „ახლა ჯერი ევროპაზეა“.

„ჩვენ კარგად გვესმის, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ახლა დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაწერილია დეტალურად ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ. მთელი რიგი ვალდებულებებისა და რეფორმებისა, ინიციატივებისა, არის გადმოტანილი ცნობილი შარლ მიშელის შეთანხმებიდან.

პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შევასრულეთ პირნათლად. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის ევროკავშირზე, ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“ , – განაცხადა პრემიერმა.