რას პასუხობს „აგროჰაბი" ელიზბარაშვილის ბრალდებას

პუბლიკა

ძაღლების თავშესაფრის მფლობელი, თამაზ ელიზბარაშვილი სოციალური ქსელში წერს, რომ ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის” მეპატრონემ გადაწყვიტა, რომ თავშესაფრის ბინადრებისთვის საკვები სიმბოლურ ფასად აღარ მიყიდოს.

ელიზბარაშვილის თქმით, მიზეზი პოლიტიკურია და უკავშირდება სააკაშვილზე მის გაკეთებულ განცხადებას. „აგროჰაბში” ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ „გაყიდვები ტექნიკური პროცესის გამო შეიზღუდა.”

„ყველაზე ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ მეპატრონემ . კვირაში სამჯერ მათგან ვყიდულობდი საკვებს ძაღლების თავშესაფრის ბინადრებისთვის სიმბოლურ ფასში. ჩემი ამ პოსტის შემდეგ კი საერთოდ შემიწყვიტა ცხოველებისთვის საკვების მოყიდვა. სამწუხაროა, ჩემს ლამაზ საქართველოში ასეთი პატარა კაცუნები ცხოვრობენ”, – წერს ელიზბარაშვილი.

ჰიპერმარკეტის წარმომადგენლის განმარტებით, „აგროჰაბიდან” ძვლების გაყიდვის უფლება შეზღუდულია ყველასთვის და პოლიტიკურ შეხედულებებთან ამ პროცესს კავშირი არ აქვს.

„ეს გადაწყვეტილება პოლიტიკასთან კავშირში არ არის. ეს ეხება ტექნიკურ თემას. ამჟამად „აგროჰაბიდან“ ძვლების გაყიდვის უფლება შეზღუდული აქვს ყველას. ამ ეტაპზე ეს ვითარებაა. ტექნიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული. ტექნიკური პროცესიდან გამომდინარე შეიზღუდა გაყიდვები”,  – განუცხადა „პუბლიკას” ჰიპერმარკეტის წარმომადგენელმა.

როდიდან შევიდა შეზღუდვა ძალაში? რამდენ ხანს გაგრძელდება? – ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ. ჰიპერმარკეტის წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ იმის დაზუსტება შეძლო, რომ საკითხს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და ის ტექნიკურ საკითხთან არის კავშირში.