მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 ოპოზიციური პარტია: „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო“ კოალიციას შექმნიან და საერთო ბლოკში გაერთიანედებიან.
პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ხედვა ბევრ საკითხში ემთხვევა. მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა თემაზე, თუმცა, მათი თქმით, ჯერჯერობით, ბლოკზე ან კოალიციაზე საუბარი არ არის.
„ეს პოლიტიკური ძალები ვართ კონსულტაციების აქტიურ რეჟიმში ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის რისი თქმაც ახლა შეიძლება და ამაზე შორს წასვლა ნაადრევია. ბევრ საკითხზე გვაქვს უფრო ახლო პოზიციები, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ძალებთან, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
იდეურ თანხვედრაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრი ლევან თარხნიშვილი, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე პარტიასთან შესაძლო კოოპერაციაზე და შესაძლო საარჩევნო კოოპერაციაზე, მათ შორის თქვენ მიერ ჩამოთვლილ პარტიებთან“.
„ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გავრცელებული ინფორმაცია შერწყმასთან დაკავშირებით უარყო. „მსგავსი ტიპის მსჯელობა არ მიმდინარეობს“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ ამ ყველაფერზე საუბარი ნაადრევია მანამ, სანამ პოლიტიკური შეთანხმება მიუღწეველია.
„რა თქმა უნდა, არიან პარტიები, რომლებთანაც ჩვენ უფრო მეტი მსოფლმხედველობრივი სიახლოვე გვაქვს, მათთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია გვსურს და კიდევ გავაგრძელებთ, მაგრამ ამ წუთას მთავარი ამოცანაა, მივაღწიოთ თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“. ეს არის ერთადერთი გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„არასერიოზულ ჭორს“ უწოდებს ამ ინფორმაციას „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. ხვიჩიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხს“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ნებისმიერი დაყოფა ოპოზიციის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
„განა პოლიტიკაში რამე უნდა გამორიცხო ოდესმე, მაგრამ ის, რომ ახლა „გირჩი“ ვინმესთან კოალიციას განიხილავს, არასერიოზულია“, – განაცხადა ხვიჩიამ საქართველოს „პირველ არხთან“ საუბრისას.
„არანაირი ბლოკი არ იგეგმება. ჯერ არჩევნებიც არ ჩანს ჰორიზონტზე. შესაბამისად, რომელ ბლოკზეა საუბარი“, – ასე გამოაეხმაურა ჟურნალისტების შეკითხვას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.
ჩიხლაძის ინფორმაციით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვდება ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთიან ფორმატში, თუმცა რამდენიმე პარტიას შორის ცალკე ყოფნასა და ბლოკზე საუბარი არ არის.