რას პასუხობს დეგნანი კეზერაშვილთან დაკავშირებით BBC-ის გამოძიებაზე დასმულ შეკითხვას

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, „ნეტგაზეთმა“ ჰკითხა, BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომლის თანახმადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი „გლობალურ თაღლითურ ქსელთან“ არის დაკავშირებული.

ელჩმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტურ გამოძიებას სრულად არ იცნობს, თუმცა ყურადღებას ამახვილებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების მნიშვნელობაზე.

„არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს და უზრუნველყოფენ ხალხის უფლებების დაცვას“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ კელი დეგნანმა.


„მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალზე“ – BBC საგამოძიებო რეპორტაჟს აქვეყნებს, რომელშიც გამოცემის ცნობით, გაშიფრულია გლობალური თაღლითობის სქემა და მის უკან მდგომი დავით კეზერაშვილი Copy to a new draft და მისი ბიზნესპარტნიორები.

ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს, Milton Group-ს და ამ კომპანიის კეზერაშვილთან კავშირს ეხება. თავად ქოლცენტრებსა და თაღლითურ სქემებზე დასავლური მედია ადრეც წერდა, მაგრამ BBC წერს, რომ მათ ახლა ამ სქემის უკან მდგომ პირებსა და მათ კავშირებს მიაკვლიეს.

BBC-ის მიხედვით, Milton Group, რომელსაც თაღლითები იყენებდნენ, პოლიციამ შეისწავლა და ის 2020 წელს გაუქმდა. ჟურნალისტებმა გამოავლინეს 152 ბრენდი, მათ შორის, ცნობილი პლატფორმები, რომლებიც რეალურად ამ ქსელის ნაწილი იყო.

კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრებთან კავშირი არასოდეს ჰქონია.